03/02/2025
19:18
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს თავმოყვარეობა და ერთგულება თავისი ინტერესების მიმართ რუსული საფრთხისა და ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის პირობებში, თუმცა არ უნდა დაიწყოს სავაჭრო ომი აშშ-თან. ამის შესახებ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.
„პირდაპირი რუსული საფრთხის, ჩინური ექსპანსიისა და სხვა ძალიან საშიში მოვლენების დროს, თუ ჩვენ ერთმანეთთან კონფლიქტის მიზეზებს ვეძებთ და ვპოულობთ, მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სრულიად უაზრო და სულელური სავაჭრო ომები. ჩვენი შესაძლო მოლაპარაკებებისას ამერიკელ მეგობრებთან, ჩვენ არ შეგვიძლია, დავკარგოთ ჯანსაღი აზრი და უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი ინტერესები“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა არ უნდა დაკარგოს საკუთარი „მე“, „ევროპული თვითპატივისცემა და თავდაჯერებულობა“, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთულია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირს თავმჯდომარეობს, დანიას დაჰპირდა, რომ ევროკავშირი ერთიანი იქნება მისი ინტერესების დაცვაში. როგორც მედია აღნიშნავს, ტუსკი სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებული განცხადებებს გულისხმობს.
„ვპირდები ჩვენს დანიელ მეგობრებს, რომ აუცილებლად ერთიანები ვიქნებით. ეს, შესაძლოა, პირველი სერიოზული გამოცდა იყოს, რადგან ეს პირველად ხდება, როდესაც ასეთი პრობლემა წარმოიშვა ალიანსის წევრებს შორის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ცნობისთვის, ბოლო კვირებში დონალდ ტრამპი კვლავ საუბრობს გრენლანდის შესყიდვის სურვილზე.
0
0