28/01/2025
13:21
პოლიტიკა
ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც - ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში,- ასე ეხმაურება „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით.
როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, შესაძლო დასანქცირება ჰიპოთეტურ დონეზეც კი არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური. ფხაკაძის თქმით, ბიზნეს საქმიანობას ეწევიან დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად.
„ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში.
მეორე, პირველივე დღიდან, ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად და ამასაც ყველა გრძნობს და იცის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ჯგუფში შემავალ რომელიმე კომპანიასთან.
მესამე, არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით როდესმე და ესეც ყველამ იცის.
მეოთხე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც.
ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და, ბუნებრივია, ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასთვის მარტივად გასაგები მოცემულობაა.
მეხუთე, 1998 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირები მაქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ჩემი 2 ალმა-მატერი. ასევე, ამა წლის 29 იანვრიდან რამოდენიმე კვირით ვიქნები ბოსტონში, ჩემს ყოფილ უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლიდან გავდივარ ახალ სასწავლო პროგრამას.
ამას გარდა, წლების მანძილზე ვმუშაობდით ამ თემაზე და დღეს საქართველოში წარმოვადგენთ სამ, ძალიან ცნობილ, ძალიან წარმატებულ ამერიკულ ბრენდს (ვენდისი, დანკინი და საბვეი). როგორც აღვნიშნე, ამ ყველაფრის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაქვს მჭიდრო, ყოველკვირეული კავშირი და ესეც ყველამ იცის, ვინც მიცნობს. ვინც არ მიცნობს, გამიცნობს და მიხვდება. და ბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნავს ფხაკაძე.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, იანვრის დასაწყისში შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წერილში მოთხოვნილია ამ პირების დასანქცირება.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
გამოცემის თანახმად, აღნიშნულ სიაშია ასევე „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე.
0
0