30/01/2025
01:33
საზოგადოება
არ ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი არის განსაკუთრებული საფრთხე სახელმწიფოსთვის, თუმცა ნამდვილად არ წაადგება არც დემოკრატიას, არც არაფერს, ვიღაცამ წაახალისოს, რომ სილის გაწნა „მოსულა“ ქუჩაში, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა თამთა სანიკიძესთან ერთად“ განაცხადა.
მურღულიას თქმით, ქართველებმა ყველამ ერთად ენერგია უნდა გააერთიანოს, რათა გაუმკლავდნენ გამოწვევებს დღევანდელ მსოფლიოში.
„პირველი არხი ნამდვილად არ არის გულგრილი ამ მართლაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის მიმართ, არც უნდა იყოს. აქ არ გამოვიყენებდი სიტყვა სოლიდარობას, არა იმიტომ, რომ გული არ შემტკივა ადამიანებზე, მასწავლებელი ვარ და ჰუმანური მოპყრობა ჩემთვის არის კრედო, მრწამსი. ვიცი, რომ თავისთავად საკმაოდ სასიამოვნო ადამიანია, მსმენია ამის თაობაზე და, რასაკვირველია, გული მწყდება, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა. ვერ მოვიწონებ იმას, რომ ვიღაცამ ვიღაცას სილა გაარტყას, მით უმეტეს საჯაროდ. ეს დანაშაულია და, სულ მცირე, გადაცდომაა, თუმცა სიტყვა თანაგრძნობა, მიმტევებლობაც აქ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არის განსაკუთრებული საფრთხე სახელმწიფოსთვის, თუმცა ნამდვილად არ წაადგება არც დემოკრატიას, არც განვითარების პროცესს, არც სამართლიანობას და არც არაფერს, ვიღაცამ წაახალისოს, რომ სილის გაწნა „მოსულა“ ქუჩაში, მაგრამ ჩემი ადამიანური თანაგრძნობა ნამდვილად შემიძლია გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ. ბუნებრივია, მტრად არ მიმაჩნია, ძალიანაც თანავუგრძნობ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, შეგვიძლია ასეთი რაღაცები შევაფასოთ მკაცრად, მაგრამ მიმტევებლებიც ვიყოთ საერთო მომავლისთვის, რათა რაღაც სინათლის სხივები გამოჩნდეს ჩვენს ურთიერთობაში. არ შეიძლება, სიმი მუდმივად დაძაბული იყოს. ეს ყველაფერი უნდა ჩაცხრეს, დამთავრდეს, შეთანხმებით დასრულდეს. ქართველებმა ყველამ ერთად ძალები, ენერგია უნდა გავაერთიანოთ, რათა გავუმკლავდეთ უმძიმეს გამოწვევებს, რაც დღევანდელ მსოფლიოშია“, – განაცხადა გია მურღულიამ.
0
0