18/01/2025
13:03
პოლიტიკა
პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი, მამუკა არეშიძე, “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, “ტრამპის ფლორიდის აგარაკზე საქართველოს ამბები განიხილება. ამაზე ლაპარაკობს პატარა ჯგუფი, რომელსაც ქვეყნისთვის გული შესტკივა”.
“მსოფლიო პოლიტიკა გარკვეულწილად კულუარებში კეთდება - ვიცი, რომ ტრამპის ფლორიდის აგარაკზე საქართველოს ამბები განიხილება. ამაზე ლაპარაკობს პატარა ჯგუფი, რომელსაც ქვეყნისთვის გული შესტკივა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ერი ვართ, ჩვენდა სასიკეთოდ, ისე აღმოჩნდა, რომ შეძლებული ემიგრაციის ნაწილი გვყოლია, რომელთაც სიტყვა ეთქმით ძალიან მაღალ კაბინეტებში და რაც მთავარია, მათ უსმენენ.” - აცხადებს მამუკა არეშიძე, რომელმაც ასევე ისაუბრა უკრაინაში ომის მოსალოდნელ დასრულებაზე.
"ომი აუცილებლად შეჩერდება. ტრამპი მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპით იმოქმედებს - ისეთ წინადადებას მისცემს პუტინს, რომელიც მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება... ვიდრე ომი დაიწყებოდა, ჩინეთი და რუსეთი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ, ზოგჯერ პოლიტიკური პარტნიორებიც. ომის განმავლობაში რუსეთი ჩინეთისთვის უმცროს ეკონომიკურ სავაჭრო პარტნიორად იქცა, ახლა კი უმცროს ძმადაც. თუ ომის დასაწყისში ჩინეთის პოლიტიკურ აზრს არავინ უწევდა დიდ ანგარიშს, ახლა უკვე პეკინის აზრმა მნიშვნელობა შეიძინა როგორც რუსეთში, ისე ბრიუსელში. პარალელურად ჩინეთმა რუსეთი ეკონომიკურად გადათელა - დღეს ინდოეთისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი ჩინეთია, თუმცა ის ამ ენერგიას, განსაკუთრებით ბუნებრივ აირს, რუსეთისგან ყიდულობს თვითღირებულების ფასით. რუსეთი საერთაშორისო სანქციების გამო იძულებულია ამას დათანხმდეს, რათა ობიექტები შეინარჩუნოს. რუსეთს უზარმაზარი ზარალი მიადგა იმის გამო, რომ ჩინური ტვირთები აღარ გადის მის ტერიტორიაზე. ჩინეთმა მაქსიმალურად შეუზღუდა რუსეთს საბანკო მომსახურებებიც და აიძულა ნაწილობრივ ჩინური ფულის ერთეულზე, იუანზე გადაეყვანა. ბრიკსში დღეს ჩინეთია დომინანტი და არა რუსეთი. რუსეთის მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დღეს ჩინეთი აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პრეტენზია არ გამოუთქვამს.
17 იანვარს პუტინი ჩავიდა ირანში, სადაც ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას. მე ეს უფრო საჩვენებელი თემა მგონია, რათა უფრო მეტი სავაჭრო ჰქონდეს პუტინს ტრამპთან. დღეს უაღრესად არაპოპულარულია ირანის ხელისუფლება, ქვეყანა გზაგასაყარზეა, თუმცა სხვადასხვა ექსპერტთა შეფასებით, ირანს შეუძლია დაახლოებით 6 თვეში, დაიწყოს გამდიდრებული ურანის წარმოება და 1 წელიწადში მიუახლოვდეს ბირთვული იარაღის შექმნას. აქედან გამომდინარე, დასავლეთი ყველაფერს იღონებს, რომ ირანს ეს ვერ გამოუვიდეს, ამისთვის კი საჭიროა რუსეთ-ირანის ურთიერთობის შეჩერება. ვიზიტი და სამხედრო თანამშრომლობაზე ხელის მოწერა გზავნილია დასავლეთისთვის, ჩვენ ვემზადებითო. თუმცა, თუ საჭირო გახდა, რუსეთი მარტივად გაწირავს ირანს. მისთვის მთავარია პოსტსაბჭოთა სივრცე თვითონ აკონტროლოს.
საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მაღალი დონის აქტივობა და მოქნილობა მართებს, რომ ამ დიდ თამაშში ქვეყანა არ გაიჭყლიტოს. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას, ეს ეხება მთლიანად პოლიტელიტას. ისე არ მოხდეს, სასოებით ნაშენები თავზე ჩამოგვექცეს. მსოფლიო პოლიტიკა გარკვეულწილად კულუარებში კეთდება - ვიცი, რომ ტრამპის ფლორიდის აგარაკზე საქართველოს ამბები განიხილება. ამაზე ლაპარაკობს პატარა ჯგუფი, რომელსაც ქვეყნისთვის გული შესტკივა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ერი ვართ, ჩვენდა სასიკეთოდ, ისე აღმოჩნდა, რომ შეძლებული ემიგრაციის ნაწილი გვყოლია, რომელთაც სიტყვა ეთქმით ძალიან მაღალ კაბინეტებში და რაც მთავარია, მათ უსმენენ." - აცხადებს მამუკა არეშიძე გამოცემასთან.
0
0