30/01/2025
15:23
პოლიტიკა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე „ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად“ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ პროცესები გარედან იმართება.
„არაერთი განცხადება ვიხილეთ, თავად უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ ამას, რომ ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროცესები იმართება გარედან. ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნით ჰყავთ პატრონები. ისინი ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან, არ ემსახურებიან საქართველოს ინტერესებს. ყოველთვის შემოიფარგლებოდნენ იმით, როგორ დაეზიანებინათ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. ასეთი არაერთი ქმედითი ნაბიჯი გვახსოვს, როდესაც კაბინეტებში დარბოდნენ, რათა ვიზალიბერალიზაცია შეეჩერებინათ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო და ასე შემდეგ. მოღალატეებს ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია გარე ინტერესებს ემსახურება.
„ოპოზიცია, ეს არის მოღალატეობრივი, რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში, რომელიც ემსახურება გარე ინტერესებს. ისინი იღებენ დავალებებს ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი აკადრა ქვეყანას, რომ როგორც სათამაშო, ისე მოიხსენია საქართველო. რას ვიზამთ, ამ ადამიანებთან გვიწევს თანაცხოვრება, თუმცა ეს რადიკალიზმი და ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
0
0