27/05/2022
17:10
პოლიტიკა
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის პირველ დღეებში, უკრაინაში საქმიანობა ძალიან რთული იყო.
მისივე თქმით, საელჩოს რესურსი მიმართული იყო მოქალაქეების გაყვანასა და მათ დახმარებაზე, რაც მეტ-ნაკლებად შედეგიანად გამოვიდა.
„ნამდვილად რთული იყო განსაკუთრებით, რუსეთის აგრესიის პირველი დღეები, როდესაც კიევზე შეტევა დაიწყო და არსებობდა საშიშროება, რომ შესაძლებელი იყო დედაქალაქზე შტურმი და მისი აღება. ფაქტობრივად სამი მეოთხედი რკალი შეკრული იყო რუსების ჯარების მიერ. ცხადია, ყველაზე რთული პერიოდი ეს იყო, როდესაც ყოლველდღე, დღეში რამდენჯერმე ცხადდებოდა განგაში. ჩვენთან, საელჩოში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო თავშესაფარში. იყო რამდენიმე საფრთხე, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ მაშინ. პირველი, რომ ზოგ შემთხვევაში, სჯობდა სახლში დარჩენა და ქუჩაში არგასვლა, ვინაიდან იყო დიდი საცობები და გადაადგილება შეუძლებელი. შესაბამისად, აქაც რთული დასალაგებელი იყო, რა შემთხვევაში სჯობდა სახლში ყოფნა, დაცდა და შემდეგ გამოსვლა, მცდელობა საზღვრის გადაკვეთის. ამ ყველაფრის მენეჯმენტს აკეთებდა საელჩო, გენერალური საკონსულო. საელჩოს რესურსი მიმართული იყო მოქალაქეების გაყვანაზე და მათ დახმარებაზე, რაც მეტ-ნაკლებად შედეგიანად გამოვიდა, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა დააფასა და გადაწყვიტა, დაეჯილდოვებინა რამდენიმე ადამიანი, თუმცა ეს ჯილდოები ეკუთვნის უკლებლივ ყველა თანამშრომელს“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.
ამასთან, გიორგი ზაქარაშვილმა ისაუბრა პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ, რასაც საქართველო უკრაინის მიმართ ახორციელებდა.
„24-საათიანი კონტაქტი მქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან და ევროინტეგრაციის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან. შესაბამისად, კონტაქტი ყოველთვის არსებობდა როგორც საელჩოს დონეზე, ასევე ხელმძღვანელობის. მთავრობის მხრიდანაც არაერთხელ ითქვა, რომ მიუხედავად იმ ერთმნიშველოვნად მინიმუმ საწყენი განცხადებებისა, ჩვენ გვესმოდა, რა ვითარებაში ხდებოდა ამის გაკეთება, რა ვითარებაა უკრაინაში, რა სირთულეების გადალახვა უწევს უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. შესაბამისად, ამ ბრძოლში არ არის იმის დრო, რომ რაღაც წყენა გამოვაჩინოთ და ამაზე ავაწყოთ ჩვენი ურთიერთობა. წყენა არის ერთი და არის პრაქტიკული ღონისძიებები, ნაბიჯები, რაც გაკეთდა. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ ყოფილა, რომ განცხადება არა თუ მხარდაჭერილი არ ყოფილიყო, არამედ სპონსორები ან თანაავტორები არ ვყოფილიყავით. ეს არის 150-ზე მეტი განცხადება. ასევე გაერო-ში და სხვა ორგანიზაციებში, ყველგან, სადაც საქართველოს ხმას ჰქონდა მნიშვნელობა, საქართველოს ხმა არა თუ უკრაინის ყულაბაში იყო, არამედ კეთდებოდა განცხადებები არა ორაზროვანი, არამედ მკაფიო განცხადებები საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. ჩვენამდე არაფერი მტკიცებულება არ მოსულა, იყო ნათქვამი, ამაზე გვქონდა კომუნიკაცია არაერთხელ. საქართველის ხელისუფლებამ არა მარტო საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ იზიარებს მიდგომებს, რომლებიც აქვს დასავლეთს, ასევე პირად საუბრებში ამის ხაზგასმა მოხდა. იმაზე ხაზგასმა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ყველა დონეზე იყო“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.
უკრაინაში საქართველოს ელჩი – ყველგან, სადაც საქართველოს ხმას ჰქონდა მნიშვნელობა, საქართველოს ხმა არა თუ უკრაინის ყულაბაში იყო, არამედ კეთდებოდა მკაფიო განცხადებები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა. მათ შორის კრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის გიორგი ზაქარაშვილი.
0
0