03/12/2024
20:38
მსოფლიო
სამხრეთ კორეის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, თანაპარტიელ დეპუტატებს მოუწოდა, ეროვნულ ასამბლეაში შეიკრიბონ. ამავე დროს პარლამენტში უმრავლესობის მქონე „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯა-მიუნგმა, საზოგადოებას მოუწოდა შეიკრიბონ ასამბლეის შენობის წინ.
პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერმა, ჰან დონგ-ჰუნმა კი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება „არასწორ“ ნაბიჯად შეაფასა და გადაწყვეტილების „ბლოკირების“ პირობა დადო.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნი, რომელმაც საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ასევე არის „ხალხის ძალის“ პარტიის წევრი.
სამხრეთ კორეის კანონმდებლობით, მთავრობამ საომარი მდგომარეობა უნდა გააუქმოს, თუ ამას ეროვნული ასამბლეის წევრების უმრავლესობა მოითხოვს. ეს კანონი ასევე კრძალავს დეპუტატების დაპატიმრებას.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი თავის მიმართვაში სახელმწიფოს პარალიზების მცდელობაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ოპოზიცია იმპიჩმენტით 22 მაღალჩინოსანს ემუქრება. მათ შორს პროკურორებს, შინაგან საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს.
„არასახელმწიფოებრივი აქტია, რომელიც ანადგურებს ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებს და წარმოადგენს სამოქალაქო ომის პროვოცირების მცდელობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი ახლა ბლოკირებულია პოლიციის ავტობუსებით. პოლიციასა და იქ შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკებაც მოხდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო თათბირი მოიწვია.
სამხრეთ კორეაში გაზაფხულზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელმაც 300 ადგილიდან 192 მიიღო. პრეზიდენტის პარტია „ხალხის ძალა“ კი დამარცხდა. შედეგად, ამ პარტიის ლიდერი და სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი გადადგნენ.
არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ვერ დაამტკიცა მის მიერ ინიციირებული კანონები. ამასთან პრეზიდენტმა ვეტო დაადო ყველა კანონს, რომელიც ოპოზიციამ დაამტკიცა.
მიმდინარე კვირაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანა, თუმცა იუნ სოკ იოლს მასზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს. სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტს ვადა სამ წელიწადში იწურება.
უკანასკნელად სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა 1979 წელს გამოცხადდა.
0
0