03/05/2023
16:42
სამართალი
პარლამენტმა იმოქმედა რეგლამენტის დაცვით და შესაბამისად, მის ქმედებაში ანტიკონსტიტუციური არაფერია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - სასამართლოს დისკრედიტაციას.
„მე ვფიქრობ, აქ არაკონსტიტუციური არაფერია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვით იმოქმედა ამ შემთხვევაში უმრავლესობამ, როდესაც პლენარული სხდომის გახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ კვორუმი არ შეიკრიბა. ამაში მე კანონდარღვევასა და არაკონსტიტუციურს ვერაფერს ვერ ვხედავ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
0
0