05/12/2023
16:32
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ერთჯერადი ელექტროსიგარეტის გამოყენებას კრძალავს.
კანონპროექტს საფრანგეთის სენატის მხარდაჭერა და ევროკომისიის ნებართვა ჯერ კიდევ სჭირდება. მთავრობა იმედოვნებს, რომ, თუ ორივე დაამტკიცებს კანონპროექტს, კანონი 2024 წლის სექტემბრისთვის ამოქმედდება.
ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პრობლემების გათვალისწინებით, ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და გერმანია, მსგავს ზომებს განიხილავს. საფრანგეთში, თამბაქოს მაღაზიებში ერთჯერადი ,,ვეიპები“ დაახლოებით 9 ევრო ღირს, რაც 20 ღერი სიგარეტის კოლოფის ფასზე ნაკლებია. სექტემბერში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც შედგენილია მთავრობის მიერ.
კამპანიის მონაწილეები მწარმოებლებს (ბევრი მათგანი ჩინელია) თინეიჯერების მიზანმიმართულად მიზიდვაში ადანაშაულებენ, რადგან ერთჯერადი ,,ვეიპების“ შესაფუთად გამოყენებულია ნათელი ფერები, სავაჭრო ობიექტი კი ტკბილეულის მაღაზიას ჰგავს, სადაც სიგარეტები წარმოდგენილია სხვადასხვა [შოკოლადის, თხილის, საზამთროს და ა.შ.] არომატით.
კამპანიის მონაწილეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ელექტროსიგარეტების მოწევით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი. 2022 წელს, ბრიტანული გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Material Focus-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველკვირეულად გარემოში მილიონზე მეტი ელექტროსიგარეტების მოწყობილობა იყრებოდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიენ რუსომ ელექტროსიგარეტებს „ეკოლოგიური უბედურება“ უწოდა.
„ეს ეკოლოგიური ჭირია. თითოეული ერთჯერადი გამოყენების ელექტროსიგარეტი დამზადებულია პლასტმასისგან და შეიცავს ლითიუმიან (0,15 გრამი) კომპაქტურ ბატარეას, ასევე მარილიან ნიკოტინს და მძიმე მეტალის ელემენტებს“, - განუცხადეს გარემოსდამცველებმა გაზეთ Le Monde-ს 2023 წლის დასაწყისში.
0
0