20/11/2024
12:29
მსოფლიო
„კრემლსა და თეთრ სახლს შორის არსებული სპეციალური ცხელი ხაზი კრიზისის დასაძლევად არ გამოიყენება,“ - განაცხადა კრემლმა.
„ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალური უსაფრთხოების ხაზი ორ პრეზიდენტს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციის და, უფრო მეტიც, ვიდეო კომუნიკაციის დასამყარებლადაც კი,“ - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე - ამჟამად გამოიყენება თუ არა ეს საკომუნიკაციო არხი, პესკოვმა თქვა: "არა". მისივე განცხადებით, ATACMS-ის გამოყენება, რომელიც ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ყველაზე დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტაა, აშკარა სიგნალი იყო, რომ დასავლეთს კონფლიქტის ესკალაცია სურს.
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ ბირთვული დარტყმის ბარიერი შეამცირა უფრო ფართო კონვენციური თავდასხმების საპასუხოდ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას ნება დართო, გამოიყენოს ამერიკული წარმოების იარაღი რუსეთის სიღრმეებში სამიზნეებზე დარტყმისთვის. 19 ნოემბერს, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა.
რუსმა დიპლომატებმა ამჟამინდელი კრიზისი 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისს შეადარეს და განაცხადეს, რომ დასავლეთი შეცდომას უშვებს, თუ ფიქრობს, რომ რუსეთი უკან დაიხევს უკრაინასთან ომში. კრემლი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული დოქტრინა შემაკავებელია, რაც მიზნად ისახავს, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში საპასუხო მოქმედების გარდაუვალობა. პესკოვის თქმით, „დასავლეთი მიზნად ისახავს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ხაზს და, რა თქმა უნდა, უკრაინას ამ მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყენებს.’’
0
0