16/07/2023
12:22
საზოგადოება
ვიცი რომ არასწორია, მაგრამ რამდენჯერმე პაციენტის თანმხლები პირისთვის ტყუილის თქმაც მომიწია - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სამედიცინო პრაქტიკიდან საინტერესო და სახალისო შემთხვევებს იხსენებს:
„ჩვენთან ძალიან მიღებულია პაციენტთან ერთად ერთი ან რამდენიმე თანმხლები პირის დასწრება ექიმთან ვიზიტზე. ეს, გარკვეულწილად, ადამიანების ურთიერთანადგომის გამოხატულებაა და პაციენტის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ზოგჯერ სერიოზული უკუჩვენებებიც აქვს. მაგალითად, არაერთხელ ყოფილა პაციენტი, რომელსაც ახლავს მშობელი, სიმპტომებით საეჭვოა სქესობრივი ვზით გადამდები ინფექცია, და ასეთ დროს ლოგიკურია, ვეკითხებით, სქესობრივად აქტიურია თუ არა. როგორც წესი, ამ კითხვაზე დედა პასუხობს ხოლმე (განსაკუთრებით თუ პაციენტი გოგოა): "გათხოვილი არ არის", თან მკაცრი ტონი გამოერევა, თითქოს მის შვილს რაღაც უკადრებელი შევბედე. ამ დროს შვილს ისეთი შეწუხებული გამომეტყველება აქვს, რომ აშკარად გრძნობ, რაღაცის თქმა უნდა და რომ სინამდვილეში "გათხოვილია". არადა, გამოკვლევებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე როგორ დაუნიშნავ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონია სქესობრივი კონტაქტი, როგორ დავუსაბუთებ ამას მშობელს, რომლის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამთ ვერც შვილი და ვერც ექიმი?
ვიცი რომ არასწორია, მაგრამ თანმხლები პირისთვის ტყუილის თქმამაც მომიწია რამდენჯერმე. მაგალითად, ერთხელ შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტს რომ ავუხსენი, ქლამიდია მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, კონსულტაციაზე დამსწრე ცოლმა ისეთი კივილი დასცხო, ლამის იქვე დახოცეს ერთმანეთი (ეს არც თუ იშვიათად ხდება ჩემს კაბინეტში). ამიტომ სიტუაციის განსამუხტად დავაყოლე, აუზიდანაც შეიძლება-მეთქი და ოჯახის ერთიანობა იქვე აღდგა.
ასევე რთულია ნარკოტიკების გამოყენების ისტორიის შეგროვება ოჯახის წევრების თანდასწრებით. ამ კითხვაზეც დედა ან მამა თვალებს დამიბრიალებს ხოლმე, სიცოცხლეში არაფერს გაკარებიაო, სიგარეტსაც კიო.
0
0