27/01/2025
15:46
კულტურა
სრული ანშლაგით ჩაიარა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილისა და ბალტიკა ფილარმონიის ორკესტრის ერთობლივმა კონცერტმა, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა. საღამოზე ასევე, იტალიიდან სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი იანო ალიბეგაშვილი.
საკონცერტო პროგრამა წარმოადგენდა ნამდვილ მუსიკალურ კალეიდოსკოპს, სადაც ყველა გემოვნების მსმენელს შეეძლო მუსიკალური შედევრებიდან ეპოვა თავისი რჩეული ნაწარმოები. ეს გახლდათ ერთგვარი დროში მოგზაურობა, დაწყებული ბაროკოს ეპოქიდან მე-20 საუკუნემდე. მსოფლიო კლასიკური შედევრებთან ერთად კონცერტის დასკვნითი ნაწილი კინომუსიკას დაეთმო, სადაც არაერთი ცნობილი თემა აჟღერდა ახლებური ინტერპრეტაციით.
დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, გაისმოდა უწყვეტი ტაში და ოვაციები. პოლონელი მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა კონცერტის მესამე განყოფილებაში, ქართული ნაწარმოებების შესრულებამ, მათ შორის გახლდათ ვაჟა აზარაშვილის, ნიკა ნიკვაშვილის „ხორუმი“ და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ შექმნილი „ავე მარია“.
დარბაზის დაჟინებული მოთხოვნით, მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე მუსიკოსებს რამდენჯერმე მოუწიათ ბისზე შესრულება.
"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ბალტიკა ფილარმონიის მაღალპროფესიონალ ორკესტრთან ერთად, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ჩვენდა საამაყოდ ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძეა.
აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკალური პროექტი ასახავს დროში მოგზაურობას, რომლის პროგრამაში არჩეული ყველა მუსიკალური ნაწარმოები ჩემს მიერ არის ინტერპრეტირებული და ასევე ახლიდან გაორკესტრებული. განსაკუთრებით მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი აღფრთოვანებით მიიღო უცხოელმა მსმენელმა ქართული ნაწარმოებები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო ჩვენი სახელგანთქმული, უდიდესი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, რომლის შესრულებაც ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. მუსიკოსისთვის იმაზე დიდი პატივი, რომ წარმოადგინოს თავისი ქვეყნის კულტურა საზღვარგარეთ, არ არსებობს."- განაცხადა ნიკა ნიკვაშვილმა კონცერტის დასრულებისას.
მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის და გდანსკის ბალტიკა ფილარმონიის ორკესტრის კოლაბორაცია პირველად 2019 წელს შედგა. კონცერტმა ასევე დიდი წარმატებით ჩაიარა და სწორედ ეს გახდა საფუძველი მომავალი კონცერტის დაგეგმვისა და პოლონეთის პუბლიკის მხრიდან ასეთი მოლოდინის.
0
0