07/02/2025
12:45
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში 10 წევრისგან შემდგარი კვოტა განისაზღვრა, სადაც 5 ადგილი ექნება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, 2 - „ხალხის ძალას“, 1 - „ევროსოციალისტებს“, 2 ადგილი კი იქნება დარჩენილი ისევ ოპოზიციის კვოტით, რომლის ათვისების შესაძლებლობაც გახარიას პარტიას ექნება.
მისივე განმარტებით, საგამოძიებო სტრუქტურა მალევე დაიწყებს მუშაობას და იქნება გამჭვირვალე პროცესი.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2003-2012 წლებში არსებული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თაობაზე. რეგლამენტის მიხედვით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ევალება კვოტების განსაზღვრა, რომელზეც გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ. 10 წევრისგან შემდგარი კვოტა განისაზღვრა, სადაც 5 ადგილი ექნება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, 2 იქნება ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, 1 იქნება „ევროსოციალისტებისთვის“ და ორი ადგილი იქნება ვაკანტური, რომელიც შეივსება მას შემდეგ, რაც უფრაქციო დეპუტატები, ანუ გახარიას პარტია, თუკი გაამართლებს საკუთარი ამომრჩევლის ნდობას და შემოვა პარლამენტში, ბუნებრივია აითვისებს ამ ადგილს. 2 ადგილი - „ხალხის ძალა“, 1 – „ევროსოციალისტები“ და 2 ადგილი იქნება დარჩენილი ისევ ოპოზიციის კვოტით, რომლის ათვისების შესაძლებლობაც გახარიას პარტიას ექნება. ეს საგამოძიებო სტრუქტურა მალევე დაიწყებს მუშაობას, იქნება გამჭვირვალე პროცესი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის განმარტებითვე, ვინც საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
„2012 წლამდე არსებულ პროცესებს, იქ ჩადენილ დანაშაულებს, ტერიტორიების დაკარგვას, ახალგაზრდათა ჩახოცვას ქუჩაში, მედიაზე თავდასხმას კიდევ ერთხელ თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს პროცესი საჯარო იქნება - არავისთვის დამალული. ვინც არ ითანამშრომლებს, კონკრეტული ჩანაწერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის შესაბამისი პასუხისმგებლობა იქნება მათ მიმართ. მაგალითის სახით, სულ ახლახან მოხდა პოლონეთში ასეთი შემთხვევა, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრმა არ ითანამშრომლა საპარლამენტო საგამოძიებო სტრუქტურასთან და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იგივე მოელით ყველას, ვინც საგამოძიებო საპარლამენტო სტრუქტურასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
0
0