03/02/2025
20:07
პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების“ მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება, შეკრებისა და მანიფესტაციის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები განახორციელოს; რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები; პროექტით იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა - გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას.
ვანდალიზმის განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 2 000 ლარი ჯარიმისა ან 5 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას ისევ 2 000 ლარის ოდენობით ან 20 დღემდე პატიმრობას.
ცვლილების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
კანონის პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.
0
0