30/01/2025
15:49
სამართალი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.
„მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.
შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.
მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია.
მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები.
შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს:
სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.
მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები“, - აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.
0
0