02/01/2025
12:06
მსოფლიო
BBC-ს ინფორმაციით, მოლდოვას რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო ენერგეტიკული კრიზისი ემუქრება. დნესტრისპირეთში, აღმოსავლეთ მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც მოსკოვის ერთგულია, 2025 წელი მხოლოდ საავადმყოფოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ენერგომომარაგებით დაიწყო.
ზოგიერთ ქალაქში ხელისუფლებამ „გასათბობი პუნქტები“ დაამონტაჟა და შეშის შეძენაში დახმარებისთვის ცხელი ხაზი შექმნა. დნესტრისპირეთის მთავარი ელექტროსადგური [კურჩუგანი] რუსული გაზის ნაცვლად უკვე ნახშირზე გახდა დამოკიდებული, რომელიც მხოლოდ 50 დღის სამყოფია.
„მათ [მოლდოვას] აქვთ დოკუმენტები, სადაც მოცემულია, რამდენია დავალიანება ყოველთვიურად, თუმცა რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ფულის მოთხოვნით. კრემლი სათავისოდ იყენებს კიევის გადაწყვეტილებას რუსული გაზის ტრანზიტის აკრძალვის შესახებ, რათა მოლდოვაში გარკვეული პოლიტიკური და სოციალური პრობლემები წამოიჭრას. ელექტროენერგიის ფასები სამი წლის განმავლობაში უკვე ექვსჯერ გაიზარდა და ხალხი გაბრაზებულია. რუსეთი შეიძლება დაელოდოს არჩევნებს და შემდეგ პარტიები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მომხრეები, ალბათ გაიმარჯვებენ. მაია სანდუს შეუძლია ისაუბროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ამას, თუ ხალხს არ აქვს ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი ფული?“, - განმარტა პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა იაკუბ პენკოვსკიმ.
კიშინევის მთავრობის განცხადებით, მას საკმარისი გაზი აქვს გაზაფხულამდე ქვეყნის გასათბობად და ელექტროენერგიის შესყიდვას ევროპიდან დაიწყებს, რაც ხარჯების გიგანტურ ზრდას ნიშნავს.
უკრაინის გავლით გაზის მკვეთრი შეწყვეტა გავლენას ახდენს სლოვაკეთსა და უნგრეთზეც.
„ჩვენ ამას განვიხილავთ არა როგორც ენერგეტიკულ კრიზისს, არამედ უსაფრთხოების კრიზისს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ მოლდოვას დესტაბილიზაციის მიზნით, როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურად. ეს აშკარა მცდელობაა, რომ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პრორუსული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნა გაჩნდეს. დნესტრისპირეთში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებასთან ერთად, კიშინიოვზე ზეწოლა გაიზრდება. მაგრამ ტირასპოლი უარს ამბობს ყოველგვარ დახმარებაზე, გენერატორებზეც კი. თუ ტირასპოლი გაზს სხვისგან იყიდის, ეკონომიკაზე დარტყმა შეიძლება დამღუპველი იყოს“, - განუცხადა BBC-ს მოლდოვის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ოლგა როსკამ.
0
0