30/01/2025
14:34
პოლიტიკა
მინდა ჯანმრთელობა ყველას ვუსურვო - მზია ამაღლობელსაც, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი ფაქტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც პირი დანაშაულს ჩადის.
„ჩვენ ვნახეთ კონკრეტული დანაშაული. არავის აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს - გინდ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ბიზნესმენი,( სტატუსს ხომ არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ?! ) [როდესაც] ხელს არტყამ პოლიციელს, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული.
მინდა ჯანმრთელობა ყველას ვუსურვო - მზია ამაღლობელსაც, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი ფაქტი“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის შეფასებით, საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
„დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამაზე ვთანხმდებით ხომ? - ორი აზრი არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე სხვადასხვა ფორმით, თუნდაც შეკრებით ან მიტინგის ჩატარებით, მაგრამ როდესაც შენ კონკრეტული ძალადობრივი დაჯგუფება მიდიხარ და პოლიციელებს ქვებს ესვრი, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ, „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი და ასევე, მძიმე საგნებს, როგორ ფიქრობთ, ამას რა რეაგირება მოჰყვება? - აბა, ნახეთ ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც აშშ-ში პოლიციელს რომ იგივე შეურაცხყოფა მიაყენონ, რა რეაგირება ექნება მათ და ამ ყველაფერს რა პასუხი მოჰყვება? ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს“, - აღნიშნა კალაძემ.
0
0