18/01/2025
13:11
პოლიტიკა
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მორიგ სამხედრო ოპერაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია, რომ ახლა ამ ორ ქვეყანას შორის [სომხეთი და აზერბაიჯანი] მორიგი სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს, არეშიძემ უასუხა, რომ "არაფერს გამორიცხავს:
"არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც სამხედრო ოპერაციას. სომხეთი აქტიურად მარაგდება იარაღით, ამაში საფრანგეთია ჩართული. საქმე იქამდე მივიდა, რომ სომხეთში საფრანგეთის ელჩი მოლაპარაკებას აწარმოებს ირანის ელჩთან იმისთვის, რომ ირანის ტერიტორიიდან შევიდეს შეიარაღება სომხეთში. სასაცილო ფაქტია - ირანი ევროკავშირმა დაასანქცირა, თავის მხრივ, საფრანგეთმაც. ასე რომ, იმდენად მოშლილია მსოფლიო წესრიგის პრინციპები, რომ მსხვილი მოთამაშეები არც დათქმების გადათქმას ერიდებიან. ყველა ცდილობს სწრაფად მოიპოვოს, რაც შეიძლება "უკეთესი ადგილი მზის ქვეშ"." - განაცხადა არეშიძემ
მან ინტერვიუში ასევე ისაუბრა ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზეც:
"ტრამპს ძალიან სერიოზული მეტოქე ჰყავს უპირველესად თავად ქვეყანაში. ეს არის როგორც ქვეყნის ბიუროკრატიული ნაწილი, ისე სამხედრო სამრეწველო და ფინანსური წრეების ნაწილი, რომელსაც ის კრებსით დეეპ სტატე-ს უწოდებს. ამ ძალებთან საბრძოლველადაა შემართული ტრამპი. ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. დღეს ეს ძალები შესუსტებულია, თან ტრამპი იმდენად პოპულარულია, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. მან სწორი ნაბიჯები გადადგა, ის შეცდომები არ დაუშვა, რაც პირველი პრეზიდენტობისას. უპირველესად ჯერ საკუთარ რესპუბლიკურ პარტიას "მოუგრიხა კისერი", იმ პირებს, ვინც საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. ამერიკის უზენაეს სასამართლოში პრაქტიკულად ტრამპის გუნდია, ეს ინსტიტუტი კი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია მთელ ქვეყანაში კონსტიტუციითაც და თავისი მდგომარეობითაც.
ვფიქრობ, პირველივე შეხვედრაზე პუტინთან საკითხს ისეთი ფორმით დააყენებს, რომ რუსეთმა, ერთი მხრივ, იგრძნოს ძალაც და მეორე მხრივ, მისაღები იყოს წინადადება, რომელსაც შესთავაზებენ. არა მგონია, ტრამპმა პირდაპირ მოსთხოვოს უკრაინიდან გასვლა. დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე ჩინეთზეც ისაუბრებენ. რაც დიდხანს იომებს რუსეთი უკრაინაში, მით უკეთესია აშშ-სთვის, იმიტომ, რომ მით უფრო შეიზღუდება რუსეთის რესურსები. ამას მოსკოვშიც კარგად ხვდებიან. დიალოგის ხელშემშლელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩინეთია, რომელსაც ტრამპი უკვე დაემუქრა ტარიფების გაზრდით. წარმოიდგინეთ, მოსკოვისთვის როგორი მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამერიკა შესთავაზებს ისეთ წინადადებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მსოფლიოს სხვაგვარად გადანაწილებაზე, ჩინეთის გავლენის შევიწროებასა და პლუს სხვა დივიდენდებზე, ომსაც გააჩერებს და ხმასაც აღარ ამოიღებს, ისედაც წართმეული აქვს აღმოსავლეთი უკრაინა და ყირიმი. თუ შეხვედრაზე ლაპარაკი მივა მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე, რუსეთი მოითხოვს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კონტროლს. რაზე შეთანხმდებიან, პროგნოზირება შეუძლებელია." - აცხადებს არეშიძე.
0
0