01/11/2023
17:53
მსოფლიო
58 წლის ლოურენს ფაუეტი მეორე ადამიანია, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს. ის ექსპერიმენტული ოპერაციის ჩატარებიდან ექვსი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
ლოურენს ფაუეტს გულის უკმარისობის პრობლემა ჰქონდა და მისი ორგანიზმი გულის გადანერგვის ტრადიციულ მეთოდს არ ექვემდებარებოდა. 20 სექტემბერს, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა პაციენტს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანახმად, პირველი თვის განმავლობაში გული ჯანმრთელი ჩანდა, მაგრამ ბოლო დღეებში უარყოფითი ნიშნების გამოვლენა დაიწყო.
2022 წელს, ბალტიმორში, მსოფლიოში პირველად, ღორის გულის გადანერგვის ოპერაციაც მერილენდის სამედიცინო სკოლის ექსპერტთა გუნდმა ჩაატარა. თუმცა პაციენტი დევიდ ბენეტი ოპერაციიდან 2 თვეში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა, თუმცა ექიმებმა ორგანოს შიგნით ღორის ვირუსის ნიშნები მოგვიანებით აღმოაჩინეს.
მეორე ექსპერიმენტის ჩატარებამდე, ექსპერტებმა ორგანიზმში ვირუსის არსებობა გაუმჯობესებული მეთოდით შეამოწმეს.
„ფაუეტის ბოლო სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის, რაც ჩვენი გამოცდილებიდან ვისწავლეთ. ღორის ორგანოების შესწავლასთან ერთად, გუნდი გულის გაჩერების გამომწვევ მიზეზს დაადგენს“, - თქვა ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა, რომელიც გულის ტრანსპლანტაციას ხელმძღვანელობდა.
ადამიანის ორგანიზმში ცხოველის ორგანოების გადანერგვის (რომელსაც ქსენოტრანსპლანტს უწოდებენ) მცდელობები ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი იყო, რადგან ადამიანის იმუნურმა სისტემამ მაშინვე გაანადგურა ცხოველური ქსოვილი.
ამჟამად, მეცნიერები ღორების გენეტიკურად მოდიფიცირებას ცდილობენ, რათა მათი ორგანოები ადამიანის ორგანოებს შეესაბამებოდეს.
ბევრი მეცნიერი იმედოვნებს, რომ ქსენოტრანსპლანტაციით შესაძლებელი გახდება ადამიანის ორგანოების დონაციის უზარმაზარი დეფიციტის კომპენსირიება.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში ორგანოების გადანერგვის მოლოდინში დაახლოებით 7000 ადამიანია.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024