01/11/2024
11:23
მსოფლიო
ორი ავსტრალიელი მათემატიკოსის თქმით, მცდარია ძველი თეორემა, რომლის მიხედვითაც, თუ მაიმუნი უსასრულო
დ განაგრძობს საბეჭდი მანქანის ღილაკებზე დაჭერას, ის აუცილებლად დაწერს უილიამ შექსპირის ნაწარმოებების სრულ ტექსტებს.
მათემატიკური სააზროვნო ექსპერიმენტი, რომელიც ცნობილია, როგორც "უსასრულო მაიმუნების თეორემა", დიდი ხანია, გამოიყენება ალბათობისა და შემთხვევითობის პრინციპების ასახსნელად. თუმცა, მკვლევარების სტივენ ვუდკოკისა და ჯეი ფალეტას მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დრო, რომელიც დასჭირდება მაიმუნს შექსპირის პიესების, სონეტების და ლექსების ასაკრეფად, სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობას გადააჭარბებს. მათივე თქმით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართალია, თეორემა მათემატიკურად ჭეშმარიტია, მაგრამ „მცდარია“.
ერთი მაიმუნის შესაძლებლობების კვლევის გარდა, მათემატიკოსებმა, შიმპანზეების ამჟამინდელი გლობალური პოპულაციის [200 000-მდე] საფუძველზე, დაადგინეს, რომ მსოფლიოს ყველა შიმპანზე რომ აღირიცხოს და, სამყაროს დასასრულამდე, მათ წამში ერთ კლავიშზე დაჭერის ტემპით ტექსტის აკრეფა შეძლონ, ისინი მაინც ვერ აკრეfენ შექსპირის ნამუშევრებს.
„5%-იანი შანსი არსებობს, რომ თავისი სიცოცხლის განმავლობაში ერთმა შიმპანზემ წარმატებით აკრიფოს სიტყვა „ბანანი“. ერთი შიმპანზე ნებისმიერი წინადადების აგებას 10 სეპტილიონ წელს მოანდომებს. საეჭვოა, რომ ტექსტის აკრეფის ტემპის აჩქარების ან შიმპანზეების პოპულაციის გაზრდის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანი წერილობითი ნაწარმოებების გასაშიფრად მაიმუნების შრომა ოდესმე ეფექტური იყოს.
ნაშრომში გამოყენებული გაანგარიშების მეთოდები ეფუძნება სამყაროს დასასრულის ყველაზე ფართოდ მიღებულ ჰიპოთეზას - „სამყაროს სითბური სიკვდილის“ თეორემა. ამ სახელწოდების მიუხედავად, ე.წ. სითბური სიკვდილი რეალურად ნელი და ცივი პროცესი იქნება. ანუ, ეს არის სცენარი, რომელშიც სამყარო აგრძელებს გაფართოებას და გაცივებას მაშინ, როცა მასში ყველაფერი კვდება, იშლება და ქრება. ეს აღმოჩენა კი ამ თეორემას ალბათობის სხვა თავსატეხებსა და პარადოქსებს შორის ათავსებს, სადაც უსასრულო რესურსების იდეის გამოყენება უზრუნველყოფს შედეგებს, რომლებიც არ ემთხვევა ჩვენი სამყაროს შეზღუდვებით მიღებულ მაჩვენებლებს“, - ნათქვამია კვლევაში.
0
0