06/02/2025
16:31
პოლიტიკა
ჩემი ვარაუდით, ამ ბანერებით გიორგი გახარია ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ ძალიან დაბულინგდა. შეიძლება, საერთო გარე უფროსებისგანაც საყვედური მიიღო და მოუწია ბანერების აღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა სამი ოპოზიციური გაერთიანების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „გახარია news საქრთველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბანერს.
„გუშინ ვიხილეთ ქარდების კამპანია. სერიოზული ბულინგი წავიდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობიდან“. შემდეგ მათ ეს ქარდები აიღეს. როგორ შეთანხმდებიან, ჩვენთვის საინტერესო არ არის. უფრო სწორად, რა დავალებაც წამოვა, იმის მიხედვით იმოქმედებენ. თუ არ ვცდები, მაისამდე არის ის ვადა, როცა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ავტომატურად შეუწყდებათ მანდატები, ან პირადი განცხადებები უნდა შემოიტანონ, რასაც მყისიერად დავუკმაყოფილებთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ძალიან საინტერესო იყო ქარდები, როდესაც ბატონმა გახარიამ „ნაცებად“ მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ღიმილისმომგვრელია. ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებ, რომ გიორგი გახარიას კოალიცია აქვს გაფორმებული ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ეს ნურავის დაავიწყდება. ჩემი პირადი ვარაუდია, რომ ამ ბანერებით იგი ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ ძალიან დაბულინგდა. შეიძლება, მათი საერთო გარე უფროსებისგანაც ამის გამო საყვედური მიიღო და მოუწია ბანერების აღება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქრთველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“. მოგვიანებით, „გახარია news საქრთველოსთვის“ გვერდიდან აღნიშნული ბანერი წაიშალა.
0
0