31/01/2025
11:07
სამართალი
ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა.
„ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი არის მოსალოდნელი, არაფერი გაგიკვირდეთ. ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ.
ბაჩიაშვილი არ ასახელებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს.
„ამ სიაზე მაქვს ინფორმაცია. ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა, მაგრამ რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე იმიტომ, რომ ეს არის საყოველთაო პროტესტი. აქ არავის არც ფულს უხდიან და არც არავინ ფულის გამო არ დგას, ყველა საკუთარ ფასეულობებს იცავს. ყველანაირი სიბინძურე მზადდება, მათ შორის „საქმეები იკერება“. მზადდება პროვოკაციებიც. არაერთი პროვოკაცია ვნახეთ, მათ შორის, ყველა ძალისმიერ მეთოდზე არის საუბარი: დაშინება, დევნა, მოსყიდვა. რასაც კი შეძლებს, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
0
0