30/01/2025
12:05
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გამო, ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა, კუდამოძუებული ევროპიდან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის.
„სტრასბურგში მიღებული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ევროპის საბჭო, რომელიც აერთიანებს 46 ქვეყანას და ამავდროულად, გაერთიანებული არიან შეერთებული შტატები კანადა და იაპონია. ასამბლეამ სრულად მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის საქართველოში. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნების“ დელეგაციას შეეზღუდა უფლებამოსილება და ამავდროულად განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ეს პირობებია უპირველესად, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამავდროულად, ყველა ძალადობრივი ფაქტის გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამ რეზოლუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ ხალხის ბრძოლას და ეს რეზოლუცია იქნა ერთხმად მიღებული.
ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, „ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ესაა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი რეალობა, როდესაც „ოცნების“ გამო სრულად იზოლირებულია ჩვენი ქვეყანა და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა კუდამოძუებული ევროპიდან. ესაა რეალობა, რაც „ოცნებამ“ შექმნა საკუთარი ძალადობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე. ამავდროულად, ქართველი ხალხი მიიღებს იმ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა ცივილიზებული ქვეყნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ბრძოლის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება სჭირდება საზოგადოების გამთლიანებას ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული ის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ერთად დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0