08/02/2025
13:09
პოლიტიკა
წინასწარ ვაცნობეთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ფორმატმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რასაც არავითარი შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია და როდესაც უცხოური დაფინანსებით მომუშავე „ენჯეოები“ გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია.
„გახსოვთ, ბატონი ბერსე ჩამობრძანდა საქართველოში, რასაც მოჰყვა ძალიან უხეში შეფასებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი. ეს არის კონტექსტი. ჩვენ გვქონდა საუბრები იმაზე, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე ამ ფორმატმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ გვეხილა შემხვედრი ნაბიჯი კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, „დიფ სთეითის“ და შესაბამისი სხვა სტრუქტურების მხრიდან, ვიხილეთ საპირისპირო ტენდენცია. გაგრძელდა რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ხედავთ, რომ ოთხი ასეული ადამიანი ყოველდღე უყენიათ რუსთაველზე, აკეტინებენ რუსთაველის გამზირს, ანუ არავითარი შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა. გაგრძელდა სანქციების დაწესება, PACE-დან, იცით, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც დათქმებით მიანიჭეს სტატუსი ჩვენს დელეგაციას, ეს ყველაფერი არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ ვისაუბროთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო ფორმატის შექმნაზე. არათუ არ შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე დარბილდეს კანონი, მეტი რა უნდა დარბილდეს, არ ვიცი ოღონდ, ვინაიდან საუბარია მხოლოდ ერთჯერად, ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციაზე, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უცხოური დაფინანსებით მომუშავე „ენჯეოები“ გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ყველა პრინციპი, ყველა წესი დავიცავით, წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0