24/07/2023
19:28
საზოგადოება
ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე, ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში შეძლებს მიიღოს შესაფერისი დახმარება იმ კლინიკაში, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს , - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პაციენტების განაწილება კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება.
“ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დღეს დაიწყო. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მკურნალობას უცხოეთში მიიღებენ, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამის პარალელურად, საქართველოში ამ სერვისების ფოკუსირებული განვითარება აუცილებლად მოხდება.
შერჩეული სამედიცინო დაწესებულებები, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში საუკეთესო კლინიკებია. საქართველოში საწყისი დიაგნოსტირების შემდგომ, მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული პაკეტი.
პროცესში ჩართულები იქნებიან ბავშვის მშობლები და მკურნალი ექიმები, იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რომელი კლინიკა იქნება ოპტიმალური საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სერვისი სჭირდება ბავშვს. ვინაიდან, ზოგიერთი კლინიკა გვთავაზობს სპეციალიზებული ქიმიოთერაპიას, პროტონულ თერაპიას, ამდენად ეს ფაქტორებიც იქნება გასათვალისწინებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.
„პროცესში ქართული კლინიკების როლი უდიდესია. პირველ რიგში დიაგნოზი დაისმება საქართველოში. თუკი რაიმე სადავო და საეჭვო იქნება ქართველი ექსპერტების მიერ, ეს შემდგომ მიმღებ კლინიკაში გადამოწმდება, იქ სადაც ბავშვი უნდა გაიგზავნოს.
მაგალითად, ჩატარდა ქირურგიული ჩარევა. ჰოსპიტალიზაციის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ, ბავშვს როდესაც კლინიკიდან გამოწერენ და ის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, მასზე მეთვალყურეობას ქართული კლინიკის ონკოლოგი განახორციელებს, ის ვინც თავიდან შეაფასა მისი მდგომარეობა.
ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი პროტოკოლების ჩამოყალიბებაზე, რათა მიმდინარე და მომდევნო მეთვალყურეობა მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ ბავშვმა საქართველოში გაიაროს.
თუკი, ბავშვის განმეორებითი ვიზიტი საჭირო იქნება უცხოეთში, ამის შესახებაც გადაწყვეტილება ექიმმა დროულად უნდა მიიღოს. ამრიგად ბავშვს მეთვალყურე ეყოლება სახლშიც და უცხოურ კლინიკაშიც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0
0