03/02/2025
19:55
მსოფლიო
შვედეთის პროკურატურამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი შვედეთისა და ლატვიის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება დივერსიის შედეგი არ ყოფილა.
უწყების განცხადების თანახმად, დადგინდა, რომ კაბელის გაწყვეტა გამოიწვია ცუდმა ამინდმა და ხარვეზებმა იმ გემის მართვასა და ტექნიკურ მდგომარეობაში, რომლის ეკიპაჟიც შესაძლო დივერსიაში იყო ეჭვმიტანილი.
სატვირთო გემი „ვეჟენი“, რომელიც მალტაზეა რეგისტრირებული, ბულგარულ საზღვაო კომპანიას ეკუთვნის და ადრე შვედეთის სანაპირო დაცვამ დააკავა, თავისი მარშრუტით გზის გაგრძელებას შეძლებს. ამგვარად, შვედეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ბულგარული კომპანიის ვერსია, რომელმაც კატეგორიულად უარყო დაკავებული გემი „ვეჟენის“ ეკიპაჟის მხრიდან შესაძლო საბოტაჟი.
გემის მფლობელმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ გემი მონაწილეობდა კაბელის დაზიანებაში, თუმცა განაცხადა, რომ ეს შეიძლება უბედური შემთხვევის შედეგი ყოფილიყო: ძალიან ცუდ ამინდში ღუზა შეიძლება ბორტს გარეთ ჩავარდნილიყო და ფსკერზე გაყვანილი კაბელი დაეზიანებინა. მანამდე ნორვეგიის ხელისუფლებამ გაათავისუფლა კიდევ ერთი გემი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი.
კაბელის დაზიანების შესახებ ლატვიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 26 იანვარს განაცხადეს. ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიის ზღვაში, სულ მცირე, სამი სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკული კაბელი დაზიანდა.
0
0