08/02/2025
16:59
საზოგადოება
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა.
ყრილობა „თეატრი სახელოსნო 42“-ში გაიმართა.
საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში ქვეყანას მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება შეეძლებათ.
ყველა დაინტერესებულ პირსა და ინტერეს ჯგუფს, ასამბლეაში შეერთება მემორანდუმზე ხელის მოწერით შეუძლია.
როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს.
მემორანდუმში ასევე საუბარია ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრისა და ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.
IPN.GE
0
0