03/02/2025
18:50
პოლიტიკა
ვიხილეთ დანაშაულის მცდელობა, რომ მოეხდინათ ავტომაგისტრალის ბლოკირება - პოლიციის ამოცანა არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას და ზუსტად ეს გააკეთა გუშინ მან - რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, მე ამის შინაარსში და კომენტარში არ შევალ, ამისთვის არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შეუძლიათ მიმართონ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი აქცია ძალადობრივი იყო და ზუსტად ის იყო გამაოგნებელი, რომ ბრიუსელელმა პოლიტიკოსებმა ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს.
პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ბრიუსელელი ბიუროკრატები ძალადობას მშვიდობას ეძახიან, ეს აქეზებს ძალადობას.
"ამბობდნენ, რომ პოლიციელებისთვის მაშხალების სროლა, პარლამენტის დაწვის მცდელობა, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა იყო მშვიდობა. მაშინ ვთქვი, რომ თუკი ეს არის მშვიდობა, ასეთ მშვიდობა ჰქონდეთ თავის დედაქალაქებში ყოველ დღე. აუხდათ ხომ?! ახლაც, თუკი მათთვის მშვიდობა არის საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვა და ამის დაანონსება, ასეთი მშვიდობა ჰქონოდეთ თავის მაგისტრალებზე და ავტობანებზე.
დაანონსდა ძალადობრივი აქცია. დაანონსდა უცხოეთიდან დაფინანსებული "ენჯეოების" და "ნაცმოძრაობის" მხრიდან, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ მაგისტრალის ბლოკირებას. თავისთავად მაგისტრალის ბლოკირების საშუალებას რომ სამართალდამცავები არ მისცემდნენ, ცხადია. იქ რომ მივიდნენ დახვდათ პოლიციის კორდონი, რომელიც მათ აფრთხილებდა, რომ არ მოეხდინათ მაგისტრალის ბლოკირება. მიუხედავად ამისა, სცადეს კორდონის გარღვევა და ბლოკირება.
ის, რაც ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, ეს იყო დანაშაულის მცდელობა, რომ მოეხდინათ ავტომაგისტრალის ბლოკირება. პოლიციის ამოცანა არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას და ზუსტად ეს გააკეთა გუშინ პოლიციამ, რომელიც მაგისტრალის ბლოკირება არ მოახდენინა. შესაბამისად, ამ დროს, როდესაც არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს შეკავება. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, მე ამის შინაარსში და კომენტარში არ შევალ. არსებობს ამისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამით დაკავდება.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას - ზუსტად ის იყო გამაოგნებელი, რომ ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ ბრიუსელელი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკების, თუ დიპლომატების განცხადება, რომლებმაც ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს. აი, ამას რომ ეძახიან მშვიდობიანს ამის გამოა, რომ ხდება შემდეგ ეს ძალადობა. ამიტომ არის, რომ როდესაც ძალადობას ეძახიან მშვიდობას და მშვიდობიან აქციას ზოგიერთ ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას," - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0