27/07/2023
23:54
საზოგადოება
საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საბერძნეთის რესპუბლიკის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ცენტრის დირექტორის მოადგილესთან სოფია ვულგარისთან, რომელსაც ეთხოვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამგზავრების და მათთან შეხვედრის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დირექტორის მოადგილემ საელჩოს განუმარტა, რომ საქართველოს 3 მოქალაქე უკვე გაემგზავრა საქართველოში, იქ მყოფი 19 პირიდან, 5-ს განაცხადი აქვს გაკეთებული საბერძნეთის რესპუბლიკაში თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისად, რთული იქნებოდა აღნიშნულ პირებთან შეხვედრა.
„საელჩომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკითხის მნიშვნელობას და მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ბანაკის ხელმძღვანელობამ დაუშვა გამონაკლისი და საელჩოს წარმომადგენელს მისცა მოქალაქეებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
რის შემდეგაც, საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის სურვილი მხოლოდ საქართველოს ორმა მოქალაქემ გამოთქვა.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბანაკში მყოფ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს დანიშნული აქვს სამედიცინო მკურნალობა, ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემის გამო.
საელჩომ ბანაკის ხელმძღვანელობას სთხოვა დახმარება მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
ასევე საქართველოში გამგზავრების სურვილი გამოხატა საქართველოს ერთმა მოქალაქემ.
შესაბამისად, საელჩოს წარმომადგენელმა ბანაკის ხელმძღვანელობას სთხოვა დახმარება აღნიშნული პირის საქართველოში დაბრუნების საკითხში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კონტაქტზეა ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან.
26 ივლისს, საელჩომ ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტიდან- მოქალაქეების რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის შესახებ.
მიღებული პასუხის თანახმად, არეულობის მომენტში აღნიშნულ ბანაკში იმყოფებოდა საქართველოს 22 მოქალაქე. ბანაკში მომხდარ ინციდენტში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად არც ჯანმრთელობის დაზიანება აქვთ და არც რომელიმე მათგანის წინააღმდეგ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე!
მიუხედავად ამისა ბანაკში მყოფი რამდენიმე მოქალაქე ითხოვდა სამედიცინო დახმარების გაწევას და აღნიშნული დაწესებულებიდან მათ გათავისუფლებას, რაზეც განემარტათ, რომ აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია. ამასთან, საელჩომ მოქალაქეებს არაერთხელ შესთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში, რაზეც აცხადებდნენ უარს.
შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0