03/02/2025
18:52
პოლიტიკა
მიმდინარე წლის 10 მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პარლამენტის კვლევითი ცენტრი ლიკვიდირებულ იქნება.
ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსი საქართველოს პარლამენტის ბალანსზე აღირიცხება. ლიკვიდაციის შედეგად, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები გათავისუფლდებიან, თუმცა მიიღებენ კომპენსაციას 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
“2019 წელს, როცა პარლამენტის კვლევითი ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიქმნა, ამის მიზანი იყო ის, რომ ყოფილიყო ცალკე სუბიექტი და მას კვლევითი საქმიანობა გაეწია არამხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ ჰქონოდა გარე ფინანსური რესურსების მოძიების შესაძლებლობა და სხვა კვლევით ცენტრებთან ყოფილიყო კოლაბორაციაში.
რეალობამ მოგვცა ის, გარე ფინანსების მოძიების რესურსი იმდენად დიდი არ იყო, რომ დიდი კვლევების წარმოება ყოფილიყო შესაძლებელი. ამავე დროს, გარე კვლევების და პარლამენტის მიღმა საქმიანობაში ჩართვა თანამშრომლების რესურსების სხვა საკითხებზე მიმართვას გულისხმობდა.
ის თავდაპირველი მიზანი, რომელიც ჩადებული იყო პარლამენტის კვლევითი ცენტრის შექმნაში, ვერ რეალიზდა“, - ასე ახსნა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.
0
0