29/01/2025
11:41
საზოგადოება
თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს მათ ბალანსზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დაავალა.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 12 სპეციალიზებული ლიფტიდან, ამ დროისთვის, რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული.
„დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაყენებული გვაქვს 12 სპეციალიზებული ლიფტი, რომელიც შშმ პირებს ემსახურება. ამ 12 ლიფტიდან რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული. რეაბილიტირდება აღნიშნული ლიფტები და რამდენიმე დღეში მათ კვლავ მიზნობრივად აზიანებენ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობასთან. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო მათ, რომ ქალაქში ყველა მსგავსი ლიფტი იყოს განახლებული და მოწესრიგებული. 12-ვე ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად. მოვიფიქროთ, შეიძლება, სამეთვალყურეო კამერები დავაყენოთ, რომ მისი დაზიანება ვერ შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე მოსახლეობას სთხოვა, არსებულ ინფრასტრუქტურას მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ.
0
0