14/03/2022
12:56
ორი კვირის წინ ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. ამიტომ მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება. ამიტომ მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა. არცერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა, არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, დაბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული.
ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი.
0
0