15/01/2025
14:40
სამართალი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს, შეწყდა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება.
ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. საბოლოოდ, მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად გიორგი ოკმელაშვილმაც და განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
„პოლიციელები იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე ძალადობდა, მე არ ვიცი. ვინც იქ პოლიციელი იყო იცავდა წესრიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს არღვევდა, გადმოდიოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა განცდა, რომ უნდა დავიცვა ის ხალხი, ვინც არის ჩემზე სუსტი. შესაბამისად, იქ, პოლიციელი იყო ის, თუ ვიღაც მოძალადე, პირობითად „ნინძა“, ვინც დემონსტრანტებს ძვლებში ამტვრევდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, (არ ვიცი). თუ ვიდეოებს ნახავთ, დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ხაზს დაარღვევდნენ შავებში ჩაცმული ადამიანები, ჯგუფად მოემართებოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. მერე ისევ უკან წავიდონენ, ჩვენებს წაიყვანდნენ, ჩვენებში დემონსტრანტს ვგულისხმობ და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. ამ ჯაჯგურში, ხელის კვრაში ალბათ მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა ეძახის ჩუმად მიპარვას და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა გიორგი ოკმელაშვილმა.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.
0
0