28/04/2023
01:10
სპორტი
ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 27 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა დადასტურდა. ამასთან დაკავშირებით იტალიურმა გამოცემა vesuviolive-მა წერილი გამოაქვეყნა.
„2022 წელს, სკეპტიციზმის ფონზე, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა. ამ ფაქტიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ეს ამბავი აურელიო დე ლაურენტისმა (კლუბის პრეზიდენტმა) გამოაცხადა. მან დასძინა, რომ შეიძინა ტალანტი ძალიან რთულად წარმოსათქმელი სახელით. ინსაიდერებმა მაშინვე დაიწყეს კითხვების დასმა „ქართველი მესის“ შესახებ, როგორც ხვიჩას მაშინ უწოდებდნენ.
ჯუნტოლიმ ის რამდენიმე წლის წინ შენიშნა, მაგრამ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თავიდან ფასი ეძვირა. ამის შემდეგ შესაძლებლობა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყებასთან ერთად გაჩნდა: კვარა ყაზანის „რუბინიდან“ გაათავისუფლეს და ის სამშლობლოში დაბრუნდა, ბათუმის „დინამოში“. ამის შემდეგ იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა 10 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა და მოთამაშე ქართული გუნდიდან დაიმატა.
ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი იყო, სადაც პირველი ნაბიჯები „ნაპოლის“ ტალანტმაც გადადგა. 2017 წელს კვარაცხელია Guardian-მა 50 ყველაზე საინტერესო ახალგაზრდას შორის დაასახელა. ამ მომენტიდან იწყება მისი წინსვლა – ჯერ იყო „რუსთავი“, შემდეგ – მოსკოვის „ლოკომოტივი“ და ყაზანის „რუბინი“. იგი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ აღიარეს.
კვირას კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ერთად შეუძლია „სტადიო მარადონაზე“ სკუდეტოს მოგება იზეიმოს და კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს“, – წერს იტალიური გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა 2022/23 წლის სეზონში:
სერია A: 27 თამაში, 2034 წუთი, 12 გოლი, 10 საგოლე პასი, 1 ყვითელი ბარათი.
ჩემპიონთა ლიგა: 9 მატჩი, 700 წუთი, 2 გოლი, 4 საგოლე პასი.
0
0