14/09/2024
10:29
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენისა“ და „ლილის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორმა ვებგვერდმა დაასახელა.
სანაკრებო შეკრების შემდეგ კლუბში დაბრუნებულმა დავითაშვილმა „ლილთან“ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და „სენტ-ეტიენს“ სეზონში პირველი გამარჯვების (1:0) მოპოვებაში დაეხმარა.
მე-6 წუთზე ზურიკომ მარჯვენა ფლანგზე „ლილის“ მცველები ეფექტური ფინტით მოატყუა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მეტიუ კაფარომ ზუსტი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი Flashscore-მა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და მაღალი შეფასება – 7,9 ქულა დაუწერა. whoscored-მა კი დავითაშვილის თამაში 8.1 ქულით შეაფასა.
ლიგა1-ის ოფიციალური ვებგვერდის ინგლისურენოვანმა ვერსიამ დავითაშვილს „დაუფასებელი მოთამაშე“ უწოდა.
ესპანური გამოცემა „დიარიო ასის“ ჟურნალისტი, ანდრეს ორუბია რამოსი წერს: „გიორგი მიქაუტაძის შემდეგ ლიგა 1-ში კიდევ ერთი ქართველი ტალანტი „აფეთქდა“ – ზურიკო დავითაშვილი. ქართველი შემტევი ნახევარმცველის ფლანგზე აქტიურობას კაფაროს გოლი და სეზონში პირველი გამარჯვება მოჰყვა. ზურიკო დიდი ტალანტია“.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ოთხი ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ პირველი ქულები მოიპოვა და ბოლო ადგილიდან მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024