15/10/2024
13:37
არჩევნები 2024
ოპოზიციაში არავინ იძებნება, რომ თქვას, პრეზიდენტი ცდება და ქარტიიდან უნდა გამოვიდეს, ზურაბიშვილის ხელით „ქართული ოცნება“ ოპოზიციის დიდ ნაწილს რეპუტაციულად ანადგურებს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციასა და პრეზიდენტს არანაირი იდეები არ აქვთ და სავარძლებზე ვაჭრობენ.
„პროცესი იმდენად გაუაზრებლად და არაადეკვატურად გამოიყურება, რომ ერთადერთი რაციონალური ახსნა არის, რომ პრეზიდენტის ხელით „ქართული ოცნება“ ანადგურებს ოპოზიციის დიდ ნაწილს, ფაქტობრივად ანგრევს რეპუტაციულად. ვინმეს თუ რამე პოზიტიური წარმოდგენა შეიძლება ჰქონოდა, დააკვირდება ოპოზიცია და პრეზიდენტი რას აკეთებენ – არანაირი იდეები და პრინციპები არ დგას, ვაჭრობაა სავარძლებზე, ამის შემდეგ ოპოზიციური პარტიები ძალიან დაზიანდება.
შეიძლება ვიწროპარტიულად მე ეს მაწყობდეს, რადგან მეტი ამომრჩეველი მეყოლება. ამომრჩეველი მიხვდება როგორ სულელებთან აქვს საქმე. მეორე მხრივ, თუ ოპოზიცია პრინციპულად დასუსტდა და „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე, არც მე მექნება დიდი სარგებელი. ერთი მხრივ, შემიძლია, დავცინო ამ პროცესს, მაგრამ მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ ოპოზიციაში არ მოიძებნა საკმარისად კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, ვინც თავიდანვე იტყოდა, რომ არ შეიძლებოდა ქარტიაზე ხელის მოწერა. არც ახლა იძებნება ვინმე, ვისაც ექნება გამბედაობა თქვას, რომ პრეზიდენტი ცდება და უნდა გამოვიდეს ამ ქარტიიდან.
თუ ასე გაგრძელდება, მაშინ მივიღებთ იმას რაც სავარაუდოდ მოხდება, რეპუტაციულად დაზიანდებიან ის პარტიები, ვინც რაღაც უაზრო დოკუმენტებს აწერენ ხელს და მერე შეშინებულები წნეხისგან აგრძელებენ ამ დოკუმენტის დაცვას თუ შესრულებას. შეცდომების აღიარება ზოგადად კარგი ჩვევაა და მნიშვნელოვანი, რომელიღაც პარტიაში შეიძლება თქვან, რომ შეგვეშალა და გამოვდივართ შეთანხმებიდან, მგონი, ეს იქნებოდა სწორი. როგორც ნებისმიერ კონტრაქტს აქვს შეწყვეტის წინაპირობა, რაღაც პირობები აქვთ. ზოგჯერ ადამიანები თანხმდებიან, მერე არღვევენ კონტრაქტს, გამოდიან ამ კონტრაქტიდან. ეს უკეთესია, ვიდრე მიხვიდე იქამდე, როდესაც უნდა აღასრულო კონტრაქტი და არ აღასრულებ. ალბათ სწორი იქნება აღიარო შეცდომა, მაგრამ ეყოფა თუ არა რომელიმე პოლიტიკოსს გამბედაობა თქვას, შემეშალაო, ეს არ ვიცი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრის არსებობა შინაარსობრივად შეუძლებელია, რადგან პრემიერი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა.
„აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრი კი დაახლოებით იგივე ჟანრია, რაც აპოლიტიკური მიტინგი და რევოლუცია, უბრალოდ სასაცილო იქნებოდა რომ არ ყოფილიყო ტრაგიკული. მგონი, პრეზიდენტისა და ქარტიის ხელმომწერთა მხრიდან ეს არის ამომრჩევლის დაცინვა. კადრულობენ, ამომრჩეველს უთხრან, პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს აპოლიტიკური. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამდენ ადამიანში, შეიძლება, ერთ ადამიანს არ ესმის არაფერი ამ სამყაროში, მაგრამ ამდენ ადამიანში რომ არ მოიძებნა ისეთი, რომ ეთქვა, ეს უბრალოდ სისულელეა.
შინაარსობრივად შეუძლებელია, პრემიერ-მინისტრი იყოს აპოლიტიკური, ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ჩვენს ქვეყანაში. არ ვიცი რა წარმოდგენებით მოძრაობს ხალხი, ვინც ასეთ რაღაცებს ამბობს, არ ვიცი რა მრჩევლები ჰყავს პრეზიდენტს, მაგრამ ისევ და ისევ უფრო დავიჯერებ იმას რომ პრეზიდენტს ესმის ეს ყველაფერი, უბრალოდ ასეთი გზაა, როგორ დააზიანოს ოპოზიცია. ფაქტია, რომ ასეთი წარმოდგენები არ არის სწორი და შეურაცხმყოფელიც უნდა იყოს ამომრჩევლისთვის“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0