14/10/2024
13:00
საზოგადოება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები – პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები – ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ.
პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება.
აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას.
მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.
მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0