15/10/2024
18:59
საზოგადოება
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1 700 ბინის მშენებლობა დაიწყო.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და ეს პროექტიც აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა.
„მნიშვნელოვანი პროექტი იწყება დღეს ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის აშენდება შვიდი საცხოვრებელი კორპუსი და 2027 წელს არის გათვალისწინებული ამ პროექტის დასრულება. მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი სხვადასხვა ლოკაციაზე და ამ პროცესის გაგრძელებაა ის პროექტი, რომელიც დღეს იწყება“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შვიდი კორპუსი აშენდება – ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.
0
0