07/09/2024
17:24
ტურიზმი
ზუგდიდი 7-8 სექტემბერს გემო ფესტს უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გემო ფესტში მონაწილეობის მსურველები შეხვდნენ გამოცდილ შეფებს, მათთვის გაიმართა ტრენინგები და მასტერკლასები.
შეფმზარეულებმა ფესტივალის მომავალ მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.
ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარადგინონ, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.
ფესტივალში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას.
გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში დღეს დიდი ეკრანი მოეწყობა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ნაკრების საფეხბურთო მატჩს ადევნონ თვალი.
ბოტანიკურ ბაღში იქნება კვების ზონა, აგრობაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე.
ხვალ, 8 სექტემბერს კი გემო ფესტი სამეგრელო ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტით დაიხურება. გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
0
0