16/10/2024
11:37
კონფლიქტები
ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ, სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ეშმაკისა და ჰიტლერის შვილები უწოდა.
ნიკარაგუის მედიის ცნობით, პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ აღნიშნული კომენტარი ქვეყნის პოლიციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.
„ისრაელის მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეშმაკის შვილია. რატომ? იმიტომ, რომ ის ტერორის პოლიტიკას ანხორციელებს და იგივე [ადოლფ] ჰიტლერია... ისევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ჰიტლერის კიდევ ერთი ნაცისტი შვილია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში ნატოს ჩართვა სურს“, - თქვა ორტეგამ.
როგორც Politico წერს, ზელენსკი ეთნიკურად ებრაელია და მისივე თქმით, მისი ბაბუის სამი ძმა ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებული ჰოლოკოსტის დროს მოკლეს. უკრაინის წინააღმდეგ თავისი ყოვლისმომცველი ომის გამართლების მიზნით, კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინა ნაცისტებით არის სავსე. ნეთანიაჰუ ასევე ებრაელია.
დანიელ ორტეგა ხელისუფლებაში 2007 წლიდან იმყოფება და ის, ფართოდ განიხილება, როგორც დიქტატორი. ცნობილია, რომ ორტეგა თავის პოლიტიკურ კონკურენტებს და კრიტიკოსებს აპატიმრებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს აკონტროლებს.
2024 წლის დასაწყისში, ნიკარაგუამ ასევე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმე აღძრა გერმანიის წინააღმდეგ, რათა, ღაზაში მიმდინარე ომის დროს, ბერლინს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება შეეჩერებინა.
0
0