17/11/2022
17:03
კულტურა
სიცილიური მაფია, ჩინური ტრიადები, მექსიკური კარტელი და კიდევ მრავალი სხვა კრიმინალური წრე იპყრობს ადამიანთა ყურადღებას ძალადობის, ქცევის კოდექსების, ისტორიისა და სხვა მრავალი დეტალის გამო. კრიმინალურ კულტურებს შორის თავისი გრძელი, ტრადიციული და საინტერესო ისტორიით გამოირჩევა იაპონური „მაფია“, იგივე იაკუძა, რომელმაც წლების განმავლობაში საზოგადოებაში მოიკიდა ფეხი და დღესდღეობით, წარმოადგენს ყველაზე ძლიერ და მდიდარ კრიმინალურ დაჯგუფებას მთელს მსოფლიოში.
იაკუძას ყველაზე დიდი კლანის, იამაგუჩი-გუმის, წლიური შემოსავალი 80 მილიარდ დოლარს აღწევს. კლანი კომპანიად არის დარეგისტრირებული და მისი სათავო ოფისი ხელშეუხებელი და ყველასთვის ღიაა, რაც ცხადად მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს კრიმინალურ დაჯგუფებას თანამედროვე იაპონიაშიც კი.
იაკუძას წარმოშობა
იაკუძას ბანდების წარმოშობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ძირითადი ვარაუდი. ერთ-ერთის მიხედვით, რონინებმა, ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა სამურაებმა, დაიწყეს ბანდიტური ჯგუფების ჩამოყალიბება და პირველი ასეთი ტიპის ორგანიზაციაც სწორედ მაშინ წარმოიშვა. მეორე ვარაუდის მიხედვით, კი პირიქით, ასეთი ბანდების წინააღმდეგ თავდასაცავად შეიქმნა სოფლებში იაკუძას დაჯგუფებები.
(სურათზე გამოსახულია რონინების წინააღმდეგ მებრძოლი სოფლელები)
სხვა მეტად სარწმუნო ვარაუდების მიხედვით, იაკუძას დაჯგუფებები შეიქმნა ვაჭრებისა და აზარტული მოთამაშეების მიერ 1600-1800 წლებში. ვაჭრებს ჰქონდათ ტრადიციული იაპონური ოჯახის ტიპის წყობა, ერთი ლიდერით ე.წ. ოიაბუნით და მისი შვილობილებით- კობუნებით. ვაჭრების ასეთი ოჯახური გაერთიანებები მთავრობამ ოფიციალურად აღიარა და ოიაბუნებს, იგივე მამობილებს, სამურაის წოდებები უბოძა. ძლიერი ოჯახური წყობა, ნდობა, მორჩილება და მომხმარებლებთან აქტიური ურთიერთობა, საბოლოოდ, ვაჭრებმა სათავისოდ გამოიყენეს და არალეგალური ნაწარმის გაყიდვა დაიწყეს, რითაც სათავე დაუდეს გრძელ, იაპონურ კრიმინალურ კულტურას.
კრიმინალური კლანები, როგორც ვახსენე არალეგალურმა კაზინოებმაც წარმოშვა. აზარტული თამაშები იაპონიაში აკრძალული იყო და ვინც ასეთი ტიპის ბიზნესს აწარმოებდა, სჭირდებოდა ძალადობა ვალების ამოსაღებად და ორგანიზებულობა, რათა არალეგალურად, საქმიანობა სამართალდამცავების ჩარევის გარეშე ეწარმოებინათ. ლოგიკურია, ვინც აზარტულ თამაშების ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული, საბოლოოდ, კრიმინალური დაჯგუფება ჩამოაყალიბა. სიტყვა ია-კუ-ძა სწორედ აზარტული თამაშებიდან იღებს სათავეს და ერთ-ერთი ბანქოს თამაშის ყველაზე ცუდ კომბინაციას 8-9-3-ს ნიშნავს.
იაკუძას გაძლიერება
იაკუძა არის რთულად და ჩახლართულად მართული ორგანიზაცია. რეალურად, 1 კლანის ქვეშ, შესაძლოა, ასობით კრიმინალურ, იაკუძას ბანდა იყოს მოქცეული.. ყველაზე დიდი კლანის იამაგუჩი-გუმის კონტროლის ქვეშ 500-ზე მეტი დაჯგუფებაა, რომელნიც იმართებიან ძლიერი იერარქიული წყობით და საბოლოოდ, ოიაბუნს უკავშირდება.
მეორე მსოფლიო ომმა ძალიან ბევრ კლანზე იმოქმედა და იაკუძების რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა. მრავალი ისტორიული კლანი კი, გაქრობის საფრთხის წინაშე დადგა. ასეთი დაღმასვლის შემდეგ, იაკუძამ მოახერხა და ელვისებურად დაიწყო განვითარება. იამაგუჩი-გუმი ერთ-ერთი ასეთი კლანის მაგალითია, რომელიც ომის შემდეგ თითქმის გამქრალი იყო. შემდეგ კი ძალიან ჩქარი ტემპით დაიწყო განვითარება. განვითარებას და კლანის აღორძინებას სათავეში ჩაუდგა ტაოკა კაზუო - ობოლი, ღარიბ ოჯახში დაბადებული და ბავშვობიდანვე იაკუძას გზაზე დამდგარი ადამიანი. ის, აქტიურად, ჩაერთო კლანის გაფართოების საქმიანობაში. ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო და გააგრძელა არალეგალური საქმიანობები: აზარტული თამაშები, გამომძალველობა, პროსტიტუცია, კონტრაბანდა და კიდევ სხვა მრავალი რამ. მის მსგავსად აღმასვლა დაიწყეს სხვა კლანებმაც, რომლებიც მარტივად ახერხებდნენ ძალების მოკრებას და ახალგაზრდების რეკრუტირებას. იაკუძას ძირითადად უერთდებოდნენ დაჩაგრული სოციალური ფენის ადამიანები, რომელთაც უწევდათ აერჩიათ კრიმინალურ გზა თავის გადასარჩენად. დღესდღეობითაც, იაკუძელების 70% დაჩაგრული სოციალური ფენის წარმომადგენელია.
60-იანი წლებისთვის, იაკუძას სიძლიერე უკვე მასშტაბურ დონეებს აღწევდა და ჯამში, იაპონიაში, 200 000-ზე მეტი იაკუძა და ათასობით ბანდა იყო. ასეთი სიძლიერის და დომინაციის მიუხედავად, იაკუძა არ ითვლებოდა კანონგარეშედ და კლანებში გაწევრიანებაც არ უქმნიდა ადამიანებს სამართლებრივ პრობლემებს. ამის მიზეზი კი იყო იაკუძას მკაცრი ღირსების კანონები, რომლებიც წევრებს უკრძალავდა პატიოსანი, უდანაშაულო ხალხისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენებას. პოლიცია კი, მათ ღირსების კოდექსს ენდობოდა. სწორედ ამიტომ 2011 წლამდე იაკუძას წინააღმდეგ ძალიან ცოტა კანონი მოქმედებდა. 2011 წელს შემოღებული კანონით იაკუძას წევრებს აეკრძალათ სპორტდარბაზებში სიარული, სასტუმრო ოთახის ქირაობა და კიდევ სხვა მრავალი რამ, რამაც სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა იაკუძაში გაწევრიანებულ პირებს, ამის მიუხედავად, თანამედროვე იაპონიაში 80 000-მდე იაკუძა არსებობს.
კრიმინალური საქმიანობების გარდა, იაკუძა ლეგალურ ბიზნესსაც ეწევა. მაგალითად, 1989 წელს ინაგავა-კაიმ, ცნობილმა იაკუძას კლანმა, შეიძინა 255 მილიონი დოლარის ოდენობის „Tokyo Kyuko Electric Railway“-ს აქციები, რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ლეგალური ბიზნესები და ინვესტიციები იაკუძასთვის დიდ და ლამაზ ფასადს ქმნიან, რის მიღმაც ისინი უკვე მარტივად ახერხებენ არალეგალურ საქმიანობას.
გავლენამ პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებაში, საბოლოოდ, იაკუძა ხელშეუხებელ ორგანიზაციად ჩამოაყალიბა, რომელსაც პოლიციური ძალისა და მთავრობის არ ეშინია. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეოცე საუკუნის ბოლოს მიმდინარე შეტაკებები და ომები კლანებს შორის, რომლის მასშტაბურობის და გამჭირვალობის მიუხედავად, პოლიციამ არცერთი კლანის ლიდერი არ დააკავა.
მაგალითად, ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, იამა-იჩის ომი, რომელშიც იამაგუჩის-გუმი დაუპირისპირდა იჩივა-კაის. ომი 4 წელს გაგრძელდა, მრავლად იყვნენ დაღუპული და საზოგადოებისთვისაც ნათელი იყო კლანებს შორის მიმდინარე მოვლენების შესახებ. იმდენად ბევრი ადევნებდა ომს თვალს, რომ ჟურნალ-გაზეთები ომის ტაბლოსაც კი აწარმოებდნენ და დაღუპულების რაოდენობას ერთმანეთს აჯიბრებდნენ. ამის ფონზე, პოლიციას თითქმის არაფერი გაუკეთებია და კონფლიქტი საბოლოოდ მესამე კლანის სამშვიდობო ჩარევით დასრულდა. დაკავებები თითქმის არ ყოფილა.
იაკუძას კულტურა
იაკუძა საქმიანობის გარდა, ცნობილია თავისი ტრადიციულობითა და რიტუალებით. იაკუძას ყველაზე ცნობილი ტრადიცია არის yubitsume, ანუ თითის მოჭრა. იაკუზას წევრები მობოდიშების ნიშნად იჭრიდნენ და დღესდღეობითაც იჭრიან მარცხენა ხელის ნეკა თითის ნაწილს, რომელსაც შემდეგ უგზავნიან თავიანთ ლიდერს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამას აკეთებენ პატარა ბანდის ლიდერები, დიდი ბანდის ლიდერების წინაშე, რათა თავიდან აარიდონ საკუთარი ჯგუფის წევრზე მოსალოდნელი შურისძიება. თითის მოჭრა ერთგვარი დანაშაულის გამოსყიდვის საშუალებაა. ეს რიტუალი დამკვიდრდა წარსულში და დიდი სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია - ნეკა თითს მოჭრის შემდეგ მებრძოლს უჭირს ხელში ხმლის მყარად დაკავება და უწევს კიდევ უფრო დაეყრდნოს საკუთარ ოჯახს, იაკუძას.
იაკუძას წევრებს მთელი ტანი მოხატული აქვთ ფერადი ტატუებით, რომელიც ასევე ძველი, ისტორიული ტრადიციაა. ისინი არ იხატავენ ტატუებს ესთეტიურობისთვის და ცდილობენ, რომ ტატუები არც კი გამოაჩინონ. ამ ტატუებს აქვთ სიმბოლური დატვირთვა, იაკუძას წევრები სხეულზე იხატავენ სცენებს იაპონური მითებიდან, სხეულზე დახატული სცენები და სიმბოლოები კი ამ ადამიანების პიროვნებას აღწერენ.
(სამურაის ტატუ მეტყველებს ადამიანის ღირსების კოდექსისადმი ერთგულებაზე)
იაკუძა დღეს
იაკუძა წარსულში ითვლებოდა ჯენტლმენურ საქმიანობად და საზოგადოება თვლიდა საჭირო, აუცილებელ ბოროტებად, რომელიც ავიწროებდა ქუჩის ჩვეულებრივ, ხალხისთვის საფრთხის შემცველ კრიმინალებს. დღესდღეობით, იაკუძა საზოგადოების დამცველის როლიდან, ტიპიურ მდიდარი მაფიოზების დონემდე დაეცა და დაკარგა ის ფასეულობები, რომლებიც წინა საუკუნეში გააჩნდათ. ამის მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებენ ხალხში პოპულარობის მოხვეჭას და არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. იამაგუჩი-გუმი მრავალჯერ დახმარებია იაპონელ მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ და ხშირ შემთხვევებში, მთავრობაზე სწრაფა ჰქონიათ რეაგირება მიწისძვრებსა თუ ცუნამებზე. იაკუძა ცდილობს ხალხში დაიბრუნოს ის გატეხილი სახელი, რაც წარსულში ჰქონდა, მაგრამ ხალხში ნელ-ნელა კვდება ის კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც მეოცე საუკუნეში მთელს იაპონიას აზანზარებდა.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
https://www.britannica.com/topic/organized-crime
https://www.bbc.com/news/world-asia-pacific-11446716
https://www.bbc.com/news/world-asia-39771584
0
0