09/07/2024
21:46
სპორტი
სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა, LED განათებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე და რულონური ბალახი.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტერიტორია არ იყო, შევძელით, მაქსიმალურად სწორად დაგვეპროექტებინა. ტერიტორიაზე მოეწყო პატარა საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, დასასვენებელი სივრცე. ამ დასახლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან, ფაქტობრივად, აქ არაფერი არ არსებობდა. ტერიტორიის ფართობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გაკეთდა. აქვე, მოშორებით არის ძალიან დიდი სივრცე, სადაც 100-მეტრიანი სტადიონის მოწყობის შესაძლებლობაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ პროექტს და სამომავლოდ მასაც განვახორციელებთ.
სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი პატარა, ვინც ფეხბურთით არის დაინტერესებული. საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების შემდეგ ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხელი შევუწყოთ ფეხბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი გამოიყო.
0
0