26/10/2024
16:36
არჩევნები 2024
ყველა დამკვირვებელს მოვუწოდებ, რომ ყურადღებით ვიყოთ - „ქართული ოცნება“ შეეცდება იმ უბნების გაუქმებას, სადაც იციან, რომ არჩევნებს აგებენ. ამიტომ დღის ბოლოსთვის მოემზადეთ, შეიძლება ასეთი ფაქტები სხვადასხვა უბანზე განმეორდეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გარდა ამისა, ხაზარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება ჰქონდეთ.
„როგორც იცით, 15:00 საათის მონაცემებით, 1 450 000 ადამიანი მივიდა არჩევნებზე. ეს არის ძალიან მაღალი აქტიურობა. რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში უნდა რომ „ქართული ოცნება“, ოლიგარქია დავამარცხოთ და იმ გზას შევუდგეთ, რასაც თავისუფლების და დემოკრატიის გზა ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე ადრეულად გავიდა არჩევნებზე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ემიგრაციას. თქვენ ხედავთ ყველა ქალაქში წარმოუდგენლად დიდ აქტივობას. ალბათ, საშუალება გაქვთ, რომ სოციალური მედიით თვალი მიადევნოთ და მოუსმინოთ მათ აქტიურობას. ეს იმედის მომცემია.
გარდა ამისა, ხდება ფაქტები, რომელიც ცდება ყოველგვარ კანონიერებას. ხდება უბნების დარბევა, ასევე, სპეციალურად [ბიულეტენების] ჩაყრა და უხეში დარღვევა ხდება, რომ უბანი გაუქმდეს. შესაბამისად, ყველა დამკვირვებელს მოვუწოდებ, რომ ყურადღებით ვიყოთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება იმ უბნების გაუქმებას, სადაც იციან, რომ არჩევნებს აგებენ. ამიტომ დღის ბოლოსთვის მოემზადეთ შეიძლება ასეთი ფაქტები სხვადასხვა უბანზე განმეორდეს. ასევე, მინდა მოვუწოდო პოლიციას, რომ მათ შეასრულონ მათზე დავალებული ვალდებულება და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ დააკისრა. ჩვენ ვნახეთ კადრები, რომ პირდაპირ ეთერში მიდის ცემა-ტყეპა და პოლიციური ჩარევა არ ხდება. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა ასეთ ფაქტზე მოხდეს მყისიერი რეაგირება მოხდეს.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ „ზონდერებად“ იყენებს და იმ ადამიანებს, ვისაც ძალადობის, შიშის დასანერგად იყენებს, მათ ყველას მოეთხოვებათ პასუხი, ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული და არჩევნების შემდეგ, პირველი რასაც გავაკეთებთ, ყველა ამ ადამიანს, რომელმაც ძალადობა ჩაიდინა, პასუხი მოეთხოვება. ასევე, სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იყვნენ და რეაგირება დროზე არ ჰქონდათ, არავის ეს არ შერჩება. ასე რომ, ყველაფერი მაგრად მიდის. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024