25/04/2024
14:40
სამართალი
ყველა ხარჯი, რომელსაც ყოფილ პრეზიდენტს ვედავებით, მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის იყო გაწეული, არც ერთი ხარჯი საჯარო ინტერესისთვის არ იყო გაწეული, ასეთ ხარჯებს ბუნებრივია, ბრალდებულს არ ვედავებით, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას გამარტა, რომ პირადი ფუფუნების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა გაიწეოდეს.
„დღეს დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა, როგორც წინა პროცესზე განვაცხადეთ, დღესაც იმავეს აღვნიშნავთ, დაცვის მხარეს ფაქტობრივად არარელევანტური მოწმეები მოჰყავს, აღნიშნული მოწმეები, არათუ დაცვის მხარის, არამედ, ბრალდების მხარის სასარგებლო პოზიციას აფიქსირებენ. დღევანდელმა მოწმემაც [გიორგი კაკაურიძემ] სრული კატეგორიულობით განმარტა, რომ პირადი ფუფუნების და კომფორტის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა გაიწეოდეს, შესაბამისად, ეს ხარჯები უკანონოა. აღნიშნულმა მოწმემაც ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდების მხარის არგუმენტი განამტკიცა.
საუბარი იყო ისეთ ხარჯებზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დროს პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის გაიწეოდა, მოწმემ ამ პრაქტიკაზე ისაუბრა. საუბარია, არამხოლოდ შვილების სწავლის ხარჯებზე, არამედ, იახტით სარგებლობაზე, კოსმეტიკურ პროცედურებზე, რომელზეც ასიათასობით ლარია დახარჯული. ჩვენ ბუნებრივია, ბრალდებულს ამ ხარჯებზე ვედავებით, რომელიც პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის გაიწეოდა, ამ თანხების დახარჯვა დანაშაულებრივი იყო“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
კითხვაზე, ჯდებოდა თუ არა კონკრეტულ კრიტერიუმებში მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება, პროკურორი პასუხობს, რომ „ეს ხარჯი უკანონოა“.
„ის, რომ პრეზიდენტის შვილები იყვნენ, კრიტერიუმი არ არის და რა თქმა უნდა, ეს ხარჯი უკანონოა და არ უნდა გაწეულიყო, ბუნებრივია, ამაზეც იყო კითხვები. ყველა ხარჯი, რომელსაც ყოფილ პრეზიდენტს ვედავებით, გაწეული იყო მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის, არც ერთი ხარჯი გაწეული არ იყო საჯარო ინტერესისთვის, ასეთ ხარჯებს ბუნებრივია, ბრალდებულს არ ვედავებით“, - აცხადებს ტყეშელაშვილი.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
0
0