22/06/2023
19:32
კულტურა
"მენატრება არ ჰქვია, უკვე გიჟს ვგავარ, ისე მენატრება ყველაფერი. მე ხომ თბილისის გარეშე არ შემიძლია, სადაც არ უნდა ვიყო, სტამბულში, პარიზში, ნიუ-იორკში თუ კანარის კუნძულებზე" - ამის შესახებ ამბობს კომპოზიტორი დათო ევგენიძე და დასძენს, რომ თბილისში ერთ კვირაში ჩამოვა.
როგორც ცნობილია, მუსიკოსმა ორი თვის წინ, თურქეთში, ღვიძლის ტრანსპლანტაცია გაიკეთა, მისი დონორი კი მომღერალი, გიორგი მახარაშვილია. დათო "მახარას" ვაჟის ნათლიაა.
დათო ევგენიძე:
"იქამდეც განუყრელები ვიყავით და ამიერიდან, მით უმეტეს.
რა გითხრათ, ნახევარი მახარა ვარ. (იცინის) და მე მგონი, ფეხიც მეზრდება, 50 აქვს ფეხის ზომა. გიორგი ჩემი ღვიძლი და ჩემი ანგელოზია.
მართლა ისე მოხდა, ვერც აგიხსნით, თვეებია ემზადებიან ღვიძლის გადანერგვისთვის, ჩვენ კი, ასე უცებ, ერთ კვირაში... დონორი რომ გამხდარიყო, მახარას ინიციატივა იყო. სისხლის ჯგუფი რომ დაემთხვა, ისე გაუხარდა... მერე ბილეთებზე იაქტიურა. რომ არა მახარა, მე კიდევ თბილისში ვიქნებოდი, ღვიძლი ისეთ დღეში მქონდა, შეიძლება საერთოდ აღარ ვყოფილიყავი.
ყველა კონცერტი მახარასთან ერთად მექნება. ახალ სიმღერებს დავუწერ. თავში მაქვს მისი სიმღერები, ახალი რეპერტუარი გვექნება.
აქ ლექსებს ვწერ. მუსიკას, სამწუხაროდ, მხოლოდ გონებაში ვწერ. პიანო, პარტიტურა, სამწუხაროდ, არ მაქვს და რომ ჩამოვალ, ბევრ ახალ მუსიკას დავწერ.
ბევრი კონცერტის შემოთავაზება დაგროვდა. თითქმის ოქტომბრამდე გაწერილი მაქვს გრაფიკი. მეც იმიტომ გადავრჩი, რომ შემოქმედება ვაკეთო. თავისთავად, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია." - განაცხადა ევგენიძემ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024