21/10/2024
18:06
მსოფლიო
ყურადღებით ვაკვირდებოდით არჩევნებსა და რეფერენდუმს მოლდოვაში. მოლდოვა არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხმის მიცემა მიმდინარეობდა უპრეცედენტო ჩარევის და რუსეთის და მისი მარიონეტების მხრიდან დაშინების ფონზე, რომელთა მიზანიც იყო დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაცია. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ასევე ეუთო-სა და ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებას, შემდეგ გვექნება ფორმალური რეაქცია“, – განაცხადა სტანომ.
მისივე თქმით, გარე ჩარევას და ინფორმაციით მანიპულირებას რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ბევრნაირი სახე აქვს.
„ეს ხდება სხვადასხვა ფორმებით და ეს არ ხდებოდა მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს არის გრძელვადიანი ძალისხმევა, რომელსაც დიდი ხანია, ვაკვირდებით. უკანასკნელი შემთხვევები ეხება ბრალდებებს ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები მოლდოვის ხელისუფლებისგან, რომ იყო მცდელობა ამომრჩეველთა ხმების ყიდვის. ასევე, სახეზე იყო მძლავრი პროპაგანდა რუსეთისგან და რუსეთის მარიონეტების მხრიდან, რაც ვრცელდებოდა მოლდოვაში. და ეს ყველაფერი მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში არ ხდებოდა. ჩვენ წლიწად-ნახევრის წინ ავამოქმედეთ ევროკავშირის პარტნიორობის მისია, რომ დავეხმაროთ მოლდოვას მედეგობის გაძლიერებაში, რომ მოლდოვამ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგანაც რუსეთის ბოლო აგრესიის დროს უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მავნე ჩარევის სამიზნე იყო მოლდოვაც. ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა წყაროდან – მოლდოვის ხელისუფლებისგან, ჩვენი მისიის წევრებისგან მოლდოვაში, ჩვენი დელეგაციისგან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებიდან. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვა იდგა უპრეცედენტო დაშინებისა და უცხოური ჩარევის წინაშე რუსეთის და მისი მარიონეტების მხრიდან ამ ორი მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინა პერიოდში.
ეს არის მიმდინარე ბრძოლა. ეს არის მიმდინარე ძალისხმევა რუსეთის და მისი მარიონეტების მხრიდან. არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ ჩვენი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. რატომაც შეიძლება, ზოგჯერ გამოჩნდეს, რომ რუსეთი წარმატებულია, არის ის, რომ მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიცავთ კონკრეტულ პრინციპებს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენ ვიცავთ, მათ შორის, კანონებს. მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები არ სცემენ პატივს მათ. ისინი უფრო თავისუფალ გარემოში მოქმედებენ, ვიდრე ჩვენ. ჩვენ გვიწევს წესების დაცვა. მათ ეს არ უწევთ“, – განაცხადა სტანომ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024