12/09/2023
20:47
მედიცინა
ყოველწლიურად მსოფლიოში თვითმკვლელობის 700 ათასზე მეტი ფაქტი ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, სუიციდი 15-29 წლის ადამიანებში გარდაცვალების მეოთხე წამყვანი მიზეზია.
ორგანიზაციის განცხადება მათივე ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ „თვითმკვლელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. თითოეული ადამიანის დაკარგვა არა მხოლოდ თავისთავად ტრაგიკულია, არამედ მას აქვს ღრმა და დამანგრეველი შედეგები მათი ოჯახებისა და მთელი თემებისთვის”.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ თვითმკვლელობა შესაძლოა, იყოს დაკავშირებული მრავალ, რთულ და ურთიერთდაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ფსიქოლოგიურ ფაქტორერსა და პრობლემებთან. მათ შორის არის – ადამიანის ძირითად უფლებებსა და რესურსებზე ხელმისაწვდომობაზე უარის თქმა, სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები, როგორიცაა საარსებო წყაროს დაკარგვა, მუშაობისას ან სწავლისას ზეწოლა, ურთიერთობის გაფუჭება და დისკრიმინაცია.
ორგანიზაცია წუხს, რომ თვითმკვლელობა და თვითმკვლელობის მცდელობა კვლავ კრიმინალიზებულია 23 ქვეყანაში.
„ასევე, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ მედიას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სუიციდის პრევენციის მცდელობების გაძლიერებაში ან ამ მცდელობებისთვის ძირის გამოთხრაში. მაგალითად, არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ დაუცველი ადამიანები (როგორიცაა სუიციდის მცდელობის ან თვითმკვლელობის აზრების მატარებელი პირები) მედიაში სუიციდის გაშუქების შედეგად კოპირების მცდელობის მაღალ რისკში იმყოფებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაშუქება არის ვრცელი, სენსაციური, აღწერს თვითმკვლელობის მეთოდს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თვითმკვლელობა ნორმალურია, ან აგრძელებს ფართოდ გავრცელებულ მითებს სუიციდის შესახებ”, – ხაზს უსვამს ჯანმო.
ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების საკითხებში დირექტორმა, დევორა კესტელმა თქვა, რომ “ჯანმომ აამოქმედა ორი რესურსი, რომელიც შეიცავს ორ მნიშვნელოვან რეკომენდაციას სუიციდის პრევენციის გასაძლიერებლად: სუიციდისა და სუიციდის მცდელობების დეკრიმინალიზაცია და თვითმკვლელობის პასუხისმგებლობით გაშუქება მედიაში”.
0
0