07/01/2022
11:48
მსოფლიო
პროტესტის გამწვავების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, მხარდაჭერისთვის მიმართა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), რომლის შემადგენლობაში არიან რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან ყაზახეთში 2500-მდე ჯარისკაცი გაიგზავნა. CSTO-ს განცხადებით, სამშვიდობო ძალები სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებს დაიცავენ და ქვეყანაში რამდენიმე დღე ან კვირა დარჩებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში რუსული ჯარების განლაგებას. ”აშშ და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო თვალყურს ადევნებს ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას”, - განაცხადა ნედ პრაისმა.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო, რაც საწვავად გამოყენებული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირებამ გამოიწვია. 4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა. ალმათის ხმაურიანი მოედანი, სრულიად დამწვარი შენობებითა და მანქანებით, კონფლიქტის ზონად გადაიქცა. მოსახლეობისთვის სახლების დატოვება სახიფათოა, განსაკუთრებით ღამით, რადგან შეტაკებები კვლავ გრძელდება და სროლისა და აფეთქებების ხმები ისმის.
ადგილობრივი „სიფხიზლის ჯგუფები“ ძარცვის თავიდან ასაცილებლად ალმათის მახლობლად მდებარე სოფლების შესასვლელებს ბლოკავენ. ქალაქის შესასვლელი გადაკეტილია საგუშაგოებითა და დროებითი ბარიერებით.
დიდი რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე. მოსახლეობა საკვების შესაძენად იბრძვის, რადგან სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები, კაფეები და რესტორნები დაკეტილია, მხოლოდ მცირე მაღაზიები რჩება ღია. ასევე გრძელდება ინტერნეტბლოკადა, რის გამოც მოსახლეობას თანხის მიღება არ შეუძლია.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024