23/05/2023
11:06
ეკონომიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT განახორციელებს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
ჯაბა ფუტკარაძემ სკატის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება.
ამასთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1 330 861 ვიზიტი) აღდგენილია 82 %-ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +178%-ია.
რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +124 % -ით (209 569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +460%-ია.
0
0