20/09/2023
10:38
კონფლიქტები
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები გრძელდება.
„განეიტრალებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოზიციები, სამხედრო მანქანები, საარტილერიო და საზენიტო რაკეტების გამშვები დანადგარები, ელექტრონული საომარი სადგურები და სომხეთის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო ტექნიკა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გუშინ განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ უშიშოების საბჭოს სხდომა გამართა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. „ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024